პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასების შესახებ: „საზოგადოება ხედავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ქვეყნდება, ადასტურებს ერთ რამეს – საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით. ეს სწორი პოლიტიკა გამომდინარეობს საზოგადოების დაკვეთიდან“

„საზოგადოება ხედავს, რომ ყველა კვლევა, რომელიც ქვეყნდება, ადასტურებს ერთ რამეს – საქართველოს ხელისუფლებას აქვს სწორი პოლიტიკა ყველა მიმართულებით. ეს სწორი პოლიტიკა გამომდინარეობს საზოგადოების დაკვეთიდან“, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ კითხვას საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული კვლევით, საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა, 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს.

„საზოგადოებას დღეს ორი უმთავრესი დავალება აქვს მიცემული საქართველოს ხელისუფლებისთვის: ერთი – რომ უზრუნველყოს მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ეკონომიკური ზრდა სწორედ ამისკენ არის მიმართული და აჩვენებს, რომ სწორ გზაზე დგას სახელმწიფო. უმუშევრობის შემცირება, სიღარიბის შემცირება – ყველა ეს შედეგი აჩვენებს, რომ ჩვენი ამომრჩევლის ამ დავალებას ჩვენ პირნათლად ვასრულებთ. და მეორე [დავალებაა] – ჩვენი ქვეყნის მთლიანობის აღდგენა, რომლისთვისაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და გაძლიერება. ამიტომ ჩვენ ამ ორ მთავარ დავალებას, რომელიც ჩვენი ამომრჩევლისგან გვაქვს მიღებული, ვასრულებთ და კვლევები აჩვენებს, რომ ძალიან კარგად ვასრულებთ, ვინაიდან ეს შედეგები ყველა ობიექტურ კვლევაში ნათელია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.