საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად სომხეთის რესპუბლიკას ეწვია
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი დახვდა.
„ირაკლი კობახიძე, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით, 15-16 ოქტომბერს გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ერევანი მასპინძლობს.
დაგეგმილია საქართველოს მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


