ლევან ვეფხვაძე: „ეროვნული ბანკის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში], ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ“
„ეროვნული ბანკის პოლიტიკა [გაცვლითი კურსის ნაწილში], ვფიქრობ, რომ იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა „Business Insider Georgia-ში“ სტუმრობისას BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
„თუ ფინანსური ვალდებულებები დოლარში აქვს და, მეორე მხრივ, გაყიდვები ლარშია, იქ კურსის გაუარესება, ხვდებით, რომ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს კომპანიას და კომპანიებისთვის ეს არის ერთ-ერთი მათგან დამოუკიდებელი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის ხოლმე მათ გრძელვადიან ოპერირებას და მათი ბიზნესოპერაციების განჭვრეტას.
მეორე მხრივ, ახლა ჩვენ რასაც ვლაპარაკობთ, თუკი ლარი ზედმეტად გამყარდება, დავუშვათ, დოლართან ერთი-ერთზე დადგება, ეროვნულ ბანკს აკრიტიკებდნენ ამას წინათ, მოვისმინე, რატომ მივცეთ საშუალება და ლარი გახდეს ერთი-ერთზე, მაგრამ ვფიქრობ, ეროვნული ბანკის პოლიტიკა იცავს იმ ბალანსს, რომ ექსპორტი არ დავაზარალოთ.
ახლა თქვენ რომ ნახოთ, ის 17%, რომელიც ჩვენთან არის, რომელიც გაცვლით კურსზე წუხს, ის იმ კომპანიების წუხილი კი არ არის, რომლებიც გაუფასურებაზე წუხან, არამედ იმ ექსპორტიორი კომპანიების წუხილია, რომ ლარი, მათი აზრით, შეიძლება ზედმეტადაც კი გამყარდეს. ეს ნიშნავს ან შემოსავლების შემცირებას, თუ იქ დოლარში ფასი არ შეეცვალა, ან მათი პროდუქციის ფასის ზრდას დოლარში და ეს მათ კონკურენტუნარიანობას ურტყამს და ეს პირდაპირ აისახება გაყიდვების შემცირებაზე. ამიტომ, აუცილებელია, აქ რაღაც ბალანსი დავიცვათ, რასაც ეროვნული ბანკი საკმაოდ გონივრულად და ზომიერად ახორციელებს.
საინვესტიციოდ კომპანიები სტაბილურად გრძნობენ თავს, იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ამხელა რეზერვი არსებობს, და თუ გარკვეული შოკები წარმოიქმნება ჩვენ გარშემო, ეს რეზერვები საშუალებას მოგვცემს, რომ ძალიან მშვიდობიანად გავიაროთ ნებისმიერ მსგავს შოკთან დაკავშირებული პრობლემები“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.


