პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის სხდომის შესახებ: „ეს არის ის შიდა დემოკრატიული პროცესი, რომელიც მიმდინარე საკითხებზე ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს“

„ჩვენ, პერიოდულად, პოლიტსაბჭოს ფორმატში, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში ვიკრიბებით ხოლმე. ბოლო შეხვედრიდან საკმარისი დრო გავიდა. მნიშვნელოვანია, უშუალო კომუნიკაცია გვქონდეს პოლიტსაბჭოს ფორმატში, ვიმსჯელოთ მიმდინარე საკითხებზე და, ასევე, პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით გვქონდეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში. ასე რომ, ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებს საზოგადოება ინფორმაციას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„მნიშვნელოვანია, რომ პერიოდული შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში გვქონდეს. იცით, რომ იმართება ხოლმე უმრავლესობის სხდომები, სადაც პრემიერი მონაწილეობს. ახლა იქნება პარტიის საპატიო თავმჯდომარის მონაწილეობით შეხვედრა. ასე რომ, ეს არის ის შიდა დემოკრატიული პროცესები, რომელიც მიმდინარე საკითხებზე ერთობლივ მსჯელობას გულისხმობს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.