პოლიტიკა

ნანა კაკაბაძე: „რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ყველაფერს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები“

„რა არის „ბიძინას რეჟიმი“? საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილმა შიდა და გარე ოპოზიციის დაჟინებულმა და სისტემატურმა მცდელობებმა საზოგადოებრივი დისკუსიის ყოველდღიურობაში დაამკვიდრა ტერმინი „ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ბიძინას რეჟიმი“. ტერმინებად ქცეულ ამ სიტყვებს ისე ხშირად და გაუცნობიერებლად იმეორებს ბევრი, რომ არ ფიქრობს ამ სიტყვათწყობის გენეზისზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში.

„არადა, რომ დავფიქრდეთ, ძალიან საინტერესოა, რა შეიძლება იგულისხმებოდეს და რას შეიძლება მოიცავდეს „ბიძინას რეჟიმი“.

ამ „რეჟიმის“ შექმნის ისტორია იწყება 2011 წლის ოქტომბრიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ უერთდებოდა და სათავეში ჩაუდგებოდა ქართველი ხალხის უმრავლესობის ბრძოლას სააკაშვილის დიქტატორული და ტერორისტული მმართველობის წინააღმდეგ, რომელიც მოიცავდა პატიმრების სისტემურ და სისტემატურ წამებას ციხეებში, საზოგადოებაში შიშის დათესვის მიზნით ქუჩებში ახალგაზრდების ჩახოცვასა და კრიმინალებად შერაცხვის პრაქტიკაში დამკვიდრებას, „ბიუჯეტის შევსების“ კეთილშობილური მოტივით ბიზნესმენებისათვის ფულისა და ქონებების ჩამორთმევას მათ მიმართ რეპრესიების განხორციელების ან, ასეთის მუქარის გზით, უსამართლო სასამართლოს დამკვიდრებას, უკანონო ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების მასობრივად განხორციელებას და ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებას, ქვეყნის ტერიტორიების ნაწილის დაკარგვას და ა. შ.
ასე დაიწყო „ივანიშვილის რეჟიმი“.

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ამ „რეჟიმმა“ დოკუმენტური მასალების საფუძველზე (აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებით, დაზარალებულთა ჩვენებებით, ბრალდებულთა აღიარებებით და ა. შ.) ფარდა ახადა და სააშკარაოზე გამოიტანა სააკაშვილის მმართველობის დროინდელი ფორმები და მეთოდები, სასჯელის ვადა შეუმცირა ბევრ უკანონო და წამებაგამოვლილ პატიმარს, გაათავისუფლა პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულები და ა. შ.

„ბიძინას რეჟიმმა“ ჩამოაყალიბა 4-პარტიული კოალიცია, ბიზნესი გაათავისუფლა ტერორისგან, გახსნა სასამართლო სისტემა, შექმნა ადამიანური პირობები პატიმრებისთვის, დიდი ნაბიჯები გადადგა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს მოუპოვა ჯერ უვიზო რეჟიმი, ხოლო შემდეგ – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

პარალელურად „ბიძინას რეჟიმმა“ სააკაშვილის დანაშაულებრივი ხელისუფლების ბევრი წარმომადგენელი არათუ არ დასაჯა, არამედ საკუთარ რიგებშიც გააერთიანა.

განსხვავებით სააკაშვილისაგან, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მოსამართლეების თითქმის 100% „ნებაყოფლობით“ გაუშა პენსიაზე, „ბიძინას რეჟიმს“ არ დაუწყია ძველი მოსამართლეების მასობრივი დევნა და მისცა შესაძლებლობა, არა ბრძანებებით, არამედ კანონებზე დაყრნობით მიეღოთ გადაწყვეტილებები.

ეს შეიძლება სადავო ნაბიჯი იყო, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ კანონსაწინააღმდეგოდ მათი მასობრივი განდევნა სასამართლო სისტემიდან უფრო სწორი და კანონიერი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ძველი მოსამართლეების დატოვებას მაშინ მოითხოვდა ყველა – უცხოელი „დაუძინებელი მეგობრებიდან“ დაწყებული, ოპოზიციური პარტიებით გაგრძელებული და არასამთავრობოებით დამთავრებული.

უფრო მეტიც, – „ბიძინას რეჟიმმა“ უსიტყვოდ გაიზიარა უცხოელების და არასამთავრობოების მიერ შეთავაზებული კანდიდატები და სწორედ მათ ნიშნავდა პირველი 10 წლის განმავლობაში სახალხო დამცველებადაც, ცესკო-ს თავმჯდომარეებადაც და სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელებადაც.

პარალელურად, „ბიძინას რეჟიმი“ სწრაფი ტემპით ავითარებდა ეკონომიკას. რამდენიმე წელიწადში, იძულებით გადაადგილებულ პირებს იმდენი საცხოვრებელი და ფულადი კომპენსაცია გადასცა, იმდენი თანხები გამოყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის, რაც მანამდე ერთად აღებულ 20 წელიწადში არ ღირსებია ქვეყანას.

ამასობაში, თანდათან თავი წამოყვეს “ნაცმა” პოლიტიკოსებმა და მათმა მიმდევრებმა, რომლებსაც მანამდე ქუჩაში გამოსვლისაც კი რცხვენოდათ. განსაკუთრებით გააქტიურდნენ როგორც გახიზნული ნაც-დამნაშავეები, ისე „ბიძინას რეჟიმში“ გადაბარგებული “ნაცები”, რომელთა უმრავლესობა ფარულად ხელს უწყობდა საპროტესტო მუხტის გაძლიერებას და სახელმწიფო გადატრიალებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას. მათი მიზანი იყო ხელისუფლების დელეგიტიმიციის ილუზიის შექმნა და მსოფლიოსთვის იმის დაჯერება, რომ „ბიძინას რეჟიმი“ მხოლოდ არჩევნების გაყალბების გზით ინარჩუნებდა ხელისუფლებას.

აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ იყო, რომ 2020-2025 წლებში რევოლუციის (ანუ სახელმწიფო გადატრიალების) თითქმის ყოველწლიურ მცდელობებს ჰქონდა ადგილი.

თუ გავითვალისწინებთ ამ წლებში დაწყებულ რუსეთ-უკრაინის ომს და გამწვავებულ საერთაშორისო ვითარებას, გარედან და შიგნიდან ხელისუფლებაზე განხორციელებულ მძიმე ზეწოლებს, დავინახავთ, რომ „ბიძინას რეჟიმმა“ ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა და, შეიძლება ითქვას, განადგურებასაც კი გადაარჩინა.

ამ წლებში ბევრმა ჩანერგილმა თუ სუსტმა პიროვნებამ გამოამჟღავნა საკუთარი თავი, მათი ნაწილი ან გაერიდა პოლიტიკას, ან, შიშისა და სულმოკლეობის გამო, ოპოზიციონერთა რიგებში გადაბარგდა.

“ოცნებაში” ჩაბუდებულმა „ნაცებმა“ კი დრო იხელთეს და ღიად გამოვიდნენ ასპარეზზე. როდესაც ასეთებმა, თვითლუსტრაციის გამო, საკუთარი თბილი პოზიციები დაკარგეს, უფრო გამწარებულები და გამძვინვარებულები შეებრძოლნენ „ბიძინას რეჟიმს“, რომლის წევრები გუშინ და გუშინწინ თვითონვე იყვნენ. ამან განაპირობა ის, რომ „რეჟიმმა“ რამდენიმე ისეთი იძულებითი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელსაც საკუთარი ქვეყნის დაცვის მიზნით ნებისმიერი დემოკრატიული ხელისუფლება მიიღებდა.

მართალია, სადავო და საკამათო გახდა „ფარას“ მსგავსი ე. წ. რუსული კანონი და პარტიების აკრძალვის მცდელობა საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის გზით, ისევე, როგორც ე. წ. სქროლვა-სქრინვის კანონი და შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის დაზუსტებები (ის, რომ მიტინგების სახელით ჩადენილი ბარბაროსობა გახდა დასჯადი – ის, რომ 20-მა კაცმა გზა არ უნდა გადაკეტოს; ნიღბებით მიტინგობანა აიკრძალა; ფეიერვერკები არ უნდა ესროლონ პოლიციელებს და შენობებს და ა. შ.), მაგრამ, ჯერ ერთი, მსგავსი კანონები ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია, და მეორეც – ასეთი ცვლილებების მიღება სწორედ ოპოზიციის აგრესიული და ძალადობრივი მოქმედებების გასანეიტარალებლად გახდა გარდაუვალი აუცილებლობა.

ამიტომ, რაც არ უნდა „ბიძინას რეჟიმი“ დაარქვან ამ ყველაფერს, ასეთი კანონების ანალოგებს თითქმის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში მოძებნით. უბრალოდ, დაინტერესებული პირები იმ ქვეყნებში ასეთ კანონებს „დემოკრატიის დაცვისათვის“ აუცილებელს ეძახიან, ხოლო ჩვენთან – „ბიძინას რეჟიმის“ გასამყარებელს. ისევე, როგორც, მაგალითად, საფრანგეთის პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება „დემოკრატიის და წესრიგის დაცვაა“, ხოლო ქართველი პოლიციელების მიერ პროპორციული ძალის გამოყენება (თუნდაც ცალკეული პოლიციელების მიერ გადამეტებულიც), აუცილებლად „რეჟიმის“ დაცვაა და არა წესრიგის. ისევე, როგორც პარტიების აკრძალვა სხვა ქვეყნებში დემოკრატიის დაცვაა, ხოლო საქართველოში – „ბიძინას რეჟიმის“ დაცვა.

როგორც ვიცით, ამ უკანასკნელ თემაზე, დაახლოებით, ერთ კვირაში იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო და ამიტომ წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ ერთი შეკითხვა კი აუცილებლად იბადება: როგორც ვიცით, ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას ჯამურად ხმა მისცა, დაახლოებით, 800 ათასმა ადამიანმა და “ოპოები” დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემთხვევაში, „ბიძინას რეჟიმი“ ამდენ ამომრჩეველს ართმევს ხმასო. ეს თუ მართლაც ასეა, მაშინ სად არის ეს 800 ათასი მოქალაქე, რატომ არ გამოდის თავისი ხმების დასაცავად, თუნდაც, მათი მეათედი ან მეოცედი ნაწილი მაინც? ან, თუ აკრძალეს ეს პარტიები, მათი რა ნაწილი გამოვა საპროტესტოდ? ამ კითხვებზე ორი პასუხი არსებობს: ან არავითარი 800 ათასი ხმა ოპოზიციურ პარტიებს არ მიუღიათ და რაღაც მაქინაციებით კომისიებში ჩაბუდებულმა “ნაცებმა” და მათმა ანასხლეტებმა გააყალბეს ეს ხმები, ან ეს 800 ათასი ამომრჩეველი სულაც აღარ უჭერს მათ მხარს, რადგან “ოპოებმა” არც მათი დაკვეთა შეასრულეს (არ შევიდნენ პარლამენტში) და ვერც სხვა ფორმით შეცვალეს მათთვის საძულველი „ბიძინას რეჟიმი“, – წერს ნანა კაკაბაძე.