პროცესები სიძულვილის ენის წინააღმდეგ: თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა მაია პაპაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოიყენა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გრძელდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა მიხეილ საჩალელი, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პაატა თედიაშვილს. 4 000 ლარით დაჯარიმდა მაია პაპაშვილი, რომელმაც სიძულვილის ენა შალვა პაპუაშვილის მიმართ გამოიყენა.
პროცესებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნათია გიგლემიანმა:
“დარღვევის ოქმი შედგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე. მან საარჩევნო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა პაატა თედიაშვილს. აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა.
რაც შეეხება მაია პაპაშვილის საქმეს: მან საარჩევნო სივრცეში, სოციალურ ქსელში შეურაცხყოფა მიაყენა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. შესაბამისი მტკიცებულებებით დასტურდებოდა მის მიერ სამართალდარღვევის ჩადენა, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, აღნიშნული პიროვნება ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და სახდელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
ასევე განვმარტავთ, რომ მაია პაპაშვილმა თავადაც აღიარა სხდომაზე, რომ მისი კომენტარი მიემართებოდა პოლიტიკურ თანამდებობის პირს”, – აცხადებს ნათია გიგლემიანი.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ პროცესები გაიმართა ხელვაჩაურსა და ხაშურშიც.


