შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: „მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია – კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის“
„მიზანი არის მარტივი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია – კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ
ლანდშაფტში არ არის.
საქართველოს, ისევე, როგორც ყველა სხვა ქვეყნის კონსტიტუცია, აწყობილია პრინციპზე, რომ დემოკრატიას უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი თავი და დემოკრატიული ინსტრუმენტები დემოკრატიის მტრებმა არ უნდა გამოიყენონ იმისთვის, რათა თავად დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ. ეს მოქმედებს ყველა ქვეყანაში, ისევე, როგორც მოქმედებს საქართველოში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„თუ შევხედავთ უახლესი წარსულის გამოცდილებას, ვნახავთ, რომ უკრაინაში 18 პარტია აიკრძალა. ერთი კრიტიკული სიტყვა არ გვსმენია ბრიუსელიდან ამასთან დაკავშირებით. მოლდოვაში ორი პარტია აიკრძალა. ერთი სიტყვა არ გვსმენია ჩვენ ამასთან დაკავშირებით კრიტიკული. მეტიც, მოლდოვაში წელს, ივლისში აიკრძალა 4 პარტია, რომელიც ჩაითვალა, რომ იყო მემკვიდრე პარტია ერთ-ერთი აკრძალული პარტიისა და ისინიც აიკრძალნენ. შეგახსენებთ, რომ ეს ის ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამკვიდრა შარშან კანონში ცვლილებებით – მემკვიდრე პარტიის ინსტიტუტი. მაშინაც ვამბობდით, რომ სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს ეს ნორმები, და არა მხოლოდ ნორმად მოქმედებს, არამედ პრაქტიკაში მოქმედებს მოლდოვაში, სადაც ახლა, სულ რამდენიმე თვის წინ, ივლისში აკრძალეს ოთხი პარტია, როგორც ერთ-ერთი, მანამდე აკრძალული პარტიის მემკვიდრე პარტია.
ასე რომ, ხომ ამბობენ – საქართველოს უსწრებენ მოლდოვა და უკრაინა? ამ მხრივაც გვისწრებენ. ასე რომ, ვცდილობთ დემოკრატიული ინსტრუმენტების მხრივ დავეწიოთ, ამ მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას. ეს – ისე, იუმორით, თუმცა სერიოზულად არის საქმე, იმიტომ, რომ ჩვენ წლებია, ვაკვირდებით: ჯერ ხელისუფლებაში იყო პარტია, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებდა, შემდეგ ოპოზიციაში გააგრძელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ყველა დანაყოფით კონსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობით ხელისუფლების დამხობის მცდელობა და, რა თქმა უნდა, ამის მოთმენა, რაღაც მომენტში, უკვე დაუშვებელია, ვინაიდან შეუძლებელია, ყოველ ჯერზე ჩვენ ვიყოთ მხოლოდ რეაქციის რეჟიმში.
სახელმწიფო როდესაც ცდილობს, ანტიკონსტიტუციური ქმედებები შეაჩეროს, საჭიროა პრევენციაც. ასე რომ, ამ მხრივ მნიშვნელოვანია ეს პროცესი.
კარგია, რომ უკვე ჩაინიშნა პროცესები. ვნახოთ, რა პერიოდი დასჭირდება საკითხის განხილვას. ჩვენი მხრიდან იქნებიან წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროცესს გაუძღვებიან მოსარჩელის პოზიციიდან. ჩვენი მხრიდან იქნებიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, გიორგი კახიანი, თენგიზ შარმანაშვილი და თორნიკე ჭეიშვილი.
ასე რომ, ვიმედოვნებთ საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო სასამართლო გაიზიარებს ჩვენს არგუმენტებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


