პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა, თუმცა, ასეთ მძიმე შედეგებს ნამდვილად არ ველოდი – მეგონა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და არა ასე ბრუტალურად და ძალადობრივად“

„ის, რომ ევროპელი ბიუროკრატები თბილისში გამართულ რადიკალების აქციებს ახალისებდნენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ორმაგ მიდგომებს. და რაც ახლა ხდება ევროპულ ქვეყნებში (მაგ., საფრანგეთსა და იტალიაში – მილანში), ბუმერანგის პრინციპია, რომელიც მათვე მიუბრუნდათ“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

„თბილისში გამართულ რადიკალურ აქციებს მათ მშვიდობიანი უწოდეს, არ დაგმეს, პირიქით, საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს. ახლა კი აბსოლუტურად იგივე, და გაცილებით მძიმე პროცესები მიიღეს საკუთარ ქვეყნებში.

უფრო ღრმად თუ ჩავხედავთ, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც ევროპელი ლიდერები ახორციელებენ. არაერთხელ მითქვამს, რომ დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა. თუმცა, ასეთ მძიმე შედეგებს ნამდვილად არ ველოდი – მეგონა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და არა ასე ბრუტალურად და ძალადობრივად.

ეს შედეგები სწორედ მათმა გაუაზრებელმა პოლიტიკამ მოიტანა. გაუაზრებელ პოლიტიკაში ვგულისხმობ იმას, რომ ევროპის სხვადასხვა ლიდერებმა, იგივე მაკრონმა, მერცმა და ა.შ., გაიზიარეს ევროკომისიის ისეთი მიდგომები და პოლიტიკა, რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა – იქნება ეს ფასების ზრდა, ეკონომიკურ ომში ჩართვა, იაფ რესურსებზე უარის თქმა თუ მიგრაციის პოლიტიკა.

ეს მიგრაციის პოლიტიკაც თავსმოხვეული თემა იყო და ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ეწინააღმდეგებოდა, უნგრეთი იყო, რის გამოც ფინანსური სანქციებიც დააკისრეს. ევროკომისიის ახალი პოლიტიკის თანახმად, ფინანსური ჯარიმები უნდა დაეწესებინათ იმ ქვეყნებისთვის, ვინც მიგრანტებს არ მიიღებდა. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ეს შედეგები.

თუ გადახედავთ იმ საშინელ კადრებს, რომლებიც ვრცელდება [საფრანგეთში მიმდინარე პროტესტის კადრებს], ნახავთ, რომ მონაწილეთა უმეტესობა მიგრანტები არიან. მათ საფრანგეთის ისტორია არ აინტერესებთ და ეს ყველაფერი მათთვის ორგანული არ არის. არბევენ, ამტვრევენ და გული არ შესტკივათ საფრანგეთის კულტურულ მემკვიდრეობაზე.

მსგავსი ხალხი – ოღონდ ეთნიკურად ქართველები, რომლებსაც ასევე არ ადარდებდათ საქართველო – ჩვენს ქვეყანაშიც იყო. დაარბიეს სახელმწიფო, მუნიციპალური თუ კერძო პირების ქონება. უბრალოდ, ჩვენი პოლიცია და სამართალდამცავი ორგანოები გაცილებით უფრო მობილიზებულად და მაღალი სტანდარტების დაცვით შეებრძოლნენ ამ ყველაფერს, რის გამოც ნაკლებად დამანგრეველი შედეგით მოვახერხეთ პროცესების მართვა.

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ბევრი ახალგაზრდა დაშავდა საფრანგეთში, ბევრმა დაკარგა თვალიც. 1000 პოლიციელი არის დაშავებული. მედიით გავრცელებულ კადრებს თუ დააკვირდებით, იქაც პეტარდებს ისვრიან და ძარცვავენ ყველაფერს.

ეს საშინელება, რაც ახლა ვითარდება ევროპის ქვეყნებში, გამოიწვია იმ გაუაზრებელმა პოლიტიკამ, რომელიც სხვადასხვა ქვეყანას მოახვიეს თავს იმ გლობალურმა ძალებმა, რომლებიც საქართველოშიც ცდილობდნენ პროცესების მართვას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.