შალვა პაპუაშვილი: “შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ – ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ – ეს ძალადობა არ დაუგმია”
„ვგმობთ ძალადობას ტირანასა და ალბანეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის, შენობებისთვის ცეცხლის წაკიდებას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმებსა და საჯარო და კერძო საკუთრების განადგურებას”. ეს არის ევროკომისიის 18 ოქტომბრის განცხადება ალბანეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით”, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
“ზუსტად ასეთივე განცხადებას ველოდით ევროკავშირისგან:
2019 წლის 20 ივნისს, როდესაც კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” პარლამენტის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადა;
2020 წლის ნოემბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” ცესკო-ს შტურმით აღება, არჩევნების ჩაშლა და ხელისუფლების დამხობა სცადა;
2021 წლის მარტში, როდესაც კოლექტიური “ნაცმოძრაობა”, ძებნილ ნიკა მელიასთან ერთად, პარტიის სათავო ოფისში შეიკეტა და ხელისუფლების დამხობით დაიმუქრა;
2022 წლის ივნისში, როდესაც კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და უცხეთიდან კონტროლირებულმა “ენჯეოებმა” ხელისუფლების დამხობა სცადეს;
2023 წლის აპრილში, როდესაც, კოლექტიური “ნაცმოძრაობისა” და უცხოეთიდან კონტროლირებული “ენჯეოების” მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობისას, პირველად საქართველოს ისტორიაში, “მოლოტოვის კოქტეილით” ადამიანის ცოცხლად დაწვა სცადეს;
2024 წლის ოქტომბერში, როდესაც არჩევნებში დამარცხებულმა კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და უცხოეთიდან კონტროლირებულმა “ენჯეოებმა” პარლამენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს;
2025 წლის ოქტომბერში, როდესაც კოლექტიურმა “ნაცმოძრაობამ” და უცხოეთიდან კონტროლირებულმა “ენჯეოებმა” თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლა, პრეზიდენტის სასახლის შტურმით აღება და ხელისუფლების დამხობა სცადეს.
შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ – ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ – ეს ძალადობა არ დაუგმია. პირიქით, ძალადობისა და ხელისუფლების დამხობის ყოველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ბრიუსელი საქართველოს ესხმოდა თავს და ამით მოძალადე ჯგუფების პასუხისმგებლობის საკითხს ფარავდა. როგორც ერთ ცნობილ ძველ ქარდზეიყო ნათქვამი – “ყველაფერი გასაგებია”. ყველაფერი დიდი ხანია, გასაგებია.
დღევანდელი ბრიუსელისგან ქცევის შეცვლას აღარავინ ელის. თუმცა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველო ყოველთვის დარჩება ბრიუსელის ფარისევლობისა და ორმაგი სტანდარტის ცოცხალ მხილებად.
ამჯერად გავიხსენოთ, რას ამბობდა პრეზიდენტი მაკრონი, როდესაც ქართველ პოლიციელებს ესხმოდნენ თავს და საქართველოს დამხობას ცდილობდნენ, და რას ამბობს, როდესაც ფრანგ პოლიციელებს ესხმიან თავს და საფრანგეთის დამხობას ცდილობენ”, – წერს შალვა პაპუაშვილი.



