თამთა მეგრელიშვილი: “ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”
„ხალხისაგან სრული გაუცხოება და იზოლაცია, საგარეო ლეგიტიმაციის სანაცვლოდ პოლიტიკური სუვერენიტეტის დათმობა და იდეოლოგიური კრიზისი არის სენი, რომელიც ქართულ რადიკალურ ოპოზიციას შთანთქავს”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
“ხელმოცარულ ოპოზიციურ სპექტრს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური საყრდენი დაკარგული აქვს. ისინი ქართველ ხალხს კი არ ესაუბრებიან, არამედ ისევ გარე ძალების დახმარებით ცდილობენ ქვეყანაში სიტუაციის არევას და ამ გზით ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.
ეს გზა მათ არაერთგზის გაიარეს, თან უშედეგოდ. გარე ძალები მართვის სადავეების ხელში ასაღებად მათ მხოლოდ დესტრუქციას სთავაზობს.
მათ საერთოდ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და განვითარება. მათი სურვილია ადვილად სამართავი ძალების მოყვანა ხელისუფლებაში, რომლებიც მათი იდეოლოგიის გამტარებლები იქნებიან.
გარე დირექტივების სასარგებლოდ საკუთარი ქვეყნის სუვერენული ინტერესების მეორეხარისხოვნად ქცევა არის საზოგადოებისთვის სახეზე აფარებული სიმართლე – რომ ოპოზიცია როგორც პოლიტიკური ძალა პოლიტიკაში მოქმედებს პოლიტიკის გარეშე და არის თვითგადარჩენის რეჟიმში, დადის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან და ეძებს გზებს, რათა მართვის სადავეები აიღოს ხელში ისე, რომ ქართველი ხალხი ამ პროცესებში არ მონაწილეობდეს.
მძიმე საყურებელია ასეთი შეხვედრებიდან გამოსული რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურად გაფითრებული სახე, რადგან გარე აქტორებისადმი გაწვდილი ხელი, საბოლოოდ, მაინც ცარიელი რჩება“, – წერს მეგრელიშვილი.


