ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე”

“კორპორაციას გაცილებით უფრო ფართო მანდატი ექნება. ის არსებულ წარმატებულ გამოცდილებას დაეფუძნება და სხვა მექანიზმებთან გაერთიანების გზით, თანამედროვე, მასშტაბურ ინსტიტუციად ჩამოყალიბდება”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

„კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც. შენარჩუნდება უკვე ნაცნობი მექანიზმები და გაჩნდება დამატებითი ბერკეტები.

კორპორაცია ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული წყაროების განვითარებას კერძო საინვესტიციო ფონდებში თანხების დაბანდებით.

საბოლოოდ, მთავრობას ექნება კიდევ უფრო მოქნილი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები კერძო სექტორის გასაძლიერებლად.

ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მეწარმემ იგრძნოს სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერა ბიზნესის დაწყებიდან ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე გასვლამდე. მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინვესტიციას შეუწყობს ხელს.

მადლობას ვუხდი ეკონომიკის მინისტრს, მინისტრის მოადგილეებს და ყველას, ვისაც კორპორაციის შექმნის იდეა ეკუთვნის და ამ იდეის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. მადლობა თითოეულ თქვენგანს. გილოცავთ კორპორაციის შექმნას და კორპორაციას ვუსურვებ წარმატებებს!“ – აღნიშნა პრემიერმა.