მარიამ ქვრივიშვილი: „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას“
„ათწლეულის წინ ჩვენი მთავარი ამოცანა ბიზნესისთვის განვითარების საწყისი პირობების შექმნა იყო. დღეს უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის პროდუქტიულობის ზრდაზე, მაღალი დამატებული ღირებულების წარმოებაზე, მსხვილ სტრატეგიულ ინვესტიციებზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებასა და საქართველოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის თვისობრივ გაძლიერებაზე“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პრეზენტაციაზე.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, შეიცვალა საქართველოს ეკონომიკის მასშტაბი და, შესაბამისად, იცვლება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის ინსტრუმენტებიც.
„სწორედ ამ ცვლილების გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია.
ახალი კორპორაციის ჩამოყალიბებით სახელმწიფო ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის სრულიად ახალ ინსტიტუციურ შესაძლებლობას ქმნის. ჩვენ ერთიან სისტემაში ვაერთიანებთ ფინანსურ რესურსებს, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმებსა და განვითარების ინსტრუმენტებს, რათა სახელმწიფო მხარდაჭერა გახდეს უფრო ეფექტიანი, მიზანმიმართული და შედეგზე ორიენტირებული.
კორპორაცია შეინარჩუნებს იმ პროგრამებს, რომლებმაც წლების განმავლობაში ათასობით მეწარმეს წარმატების მიღწევაში შეუწყო ხელი. მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა კვლავაც ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად დარჩება.
ამასთან, მნიშვნელოვნად ფართოვდება შესაძლებლობები და საქმიანობის ფარგლები.
ეკონომიკის განვითარების კორპორაცია შეძლებს, მონაწილეობა მიიღოს მსხვილი და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებაში, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, გამოიყენოს ახალი ფინანსური ინსტრუმენტები, გასცეს სესხები, განახორციელოს წილობრივი ინვესტიციები, მხარი დაუჭიროს საინვესტიციო ფონდებსა და კაპიტალის ბაზრის განვითარებას. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ექნება გაცილებით მოქნილი და ძლიერი ინსტრუმენტი იმ ეკონომიკური პროექტების მხარდასაჭერად, რომლებიც ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს, ზრდის ექსპორტს, ავითარებს თანამედროვე საწარმოებს და აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და კონკურენტუნარიანობას“, – განაცხადა მინისტრმა.


