„ნუთუ ვერ ხვდებიან ევროპელი ლიდერები, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევის გამო, ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ განაწყენდება? ნუთუ ასე რთულია იმის გაგება, რომ ქართული მართლმსაჯულება დამოუკიდებელია და მიხეილ სააკაშვილი დამსახურებულად იხდის სასჯელს? რამდენი მტკიცებულება სჭირდებათ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ამაში დარწმუნდნენ?“ – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენში ჩასულ სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვა.
როგორც ხუნდაძე „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე წერს, ყველამ კარგად იცის, რომ სააკაშვილი დამნაშავეა, უბრალოდ, ლიბერალების ლობისტებს უცხოეთში ეს არაფრად მიაჩნიათ.
„მერა რა, თუ პრეზიდენტი მილიონებს მოპარავს საკუთარ ხალხს, ან ქუჩაში ჩაცხრილავს ახალგაზრდებს, ან ქვეყნის ტერიტორიებს აჩუქებს ოკუპანტს და ა.შ. როგორც ჩანს, სააკაშვილის უცხოელი მცველები ასეთ “დემოკრატიას” აშენებენ. ჩვენ კი, ნამდვილი დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს შენება გვინდა და ამიტომ, ყველაზე მეტად, სწორედ პრეზიდენტყოფილმა უნდა აგოს პასუხი ჩადენილ დანაშაულებზე.
ძალზე საწყენია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირისგან მსგავსი ქმედება. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, ის დღეს ოპოზიციის ლიდერი და სხვისი დამკვეთების შემსრულებელია. ამიტომ, არ გაგვიკვირდება ამ საკითხშიც მისი მორჩილება გარე ძალების მიმართ“, – წერს ხუნდაძე.


