თენგიზ შარმანაშვილი: „შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ისე საერთაშორისო აქტორებისგან“
„ჩვენ მივყვებით ჩვენს კონსტიტუციურ პროცედურას; მივყვებით ჩვენს კანონმდებლობას და არავის აქვს უფლება, ჩვენი კონსტიტუციის მექანიზმების სწავლება დაგვიწყოს“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ სამოქმედო სივრცე თავად არ დაიტოვა მას შემდეგ, რაც უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე და შემდეგ – ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.
„მოხარული ვიქნებოდი, რომ ეს სივრცე ამ ოპოზიციას თავისთვის დაეტოვებინა. როდესაც შენ მოგცა ხალხმა მანდატი და 61 მანდატი არ აითვისე, არ დაჯექი პარლამენტში და შენივე ამომრჩევლის ნების შესრულება არ დაიწყე; როდესაც არ მიიღე მონაწილეობა ადგილობრივ არჩევნებში, მათმა დიდმა უმრავლესობამ არ მიიღო მონაწილეობა და ადგილობრივ პოლიტიკაზე საერთოდ უარი თქვით, იგივე შენი პარტიული ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ფუნქციონირებენ, უსაქმოდ დატოვე და შენ თვითონ თქვი ამ საქმიანობაზე უარი, ახლა მე აქეთ მომიწოდო რაღაცისკენ, რბილად რომ ვთქვათ, სამართლიანი არ არის.
ერთადერთ შემთხვევაში შეუძლია საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერიოს და მიგვითითოს: თუ დაინახავენ, რომ უსამართლო სასამართლოს პირობებში დავტოვებთ ვინმეს.
ეს სასამართლო იქნება სამართლიანი, ყველა მხარეს მიეცემა საშუალება თავისი აზრის გამოთქმისა და თავისი პოზიციების დაცვისა და ამას ყველა დაინახავს, მთელი მსოფლიო.
ხოლო როგორი იქნება გადაწყვეტილება, ამაში ჩარევა არც ჩვენ, ხელისუფლებას შეგვიძლია და, მით უმეტეს, არ შეუძლიათ იმ უცხოელ ე.წ. დაუძინებელ მეგობრებს. ამიტომ შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისგან, ისე, მით უმეტეს, საერთაშორისო აქტორებისგან დამოუკიდებელს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


