საზოგადოება

ილია ინჯია უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებაზე: „დადგება, ალბათ, მომენტი, როდესაც ყველას მოეკითხება, თუ რას ემსახურებოდა მსგავსი პოლიტიკის გატარება უკრაინასთან მიმართებით. ევროპის მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცეს, რატომ დაიხარჯა ამხელა ფინანსები სხვის ომში“

„დადგება, ალბათ, მომენტი, როდესაც ყველას მოეკითხება, თუ რას ემსახურებოდა მსგავსი პოლიტიკის გატარება უკრაინასთან მიმართებით. ევროპის მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცეს, რატომ დაიხარჯა ამხელა ფინანსები სხვის ომში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ილია ინჯიამ უკრაინაში მიმდინარე ომის დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

„იმ სოციალურ პრობლემებს, რამაც ეს მოსახლეობა ევროპის ქალაქების ქუჩებში გამოიყვანა, კიდევ უფრო აღვივებს ის ფაქტი, რომ ამხელა ფული მიდის უკრაინის ომის გასაღვივებლად და ხალხის დასახოცად. არ ვიცი, უკრაინის ხვალინდელი დღე როგორი იქნება, მაგრამ ფაქტია: ამ დიდი სისხლისღვრის შემდეგ ზელენსკი აკეთებს განცხადებას, რომ მზადაა, დათმოს ფრონტის ხაზი და დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ რა პასუხი უნდა გასცეს იმ ხალხს, იმ ადამიანებს, რომლებმაც დედა, მამა, ძმა, ნათესავი, საკუთარი სისხლი და ხორცი დაკარგეს ამ ომში?! ეს ძალიან მძიმე იქნება, ალბათ, უკრაინისთვის. მძიმე იქნება ევროპისთვისაც, რადგან მათ ხელი შეუწყვეს ამ ომის გაღვივებას ამდენი წლის განმავლობაში ფინანსებით.

დადგება, ალბათ, მომენტი, როდესაც ყველას მოეკითხება, თუ რას ემსახურებოდა მსგავსი პოლიტიკის გატარება, თუნდაც უკრაინის მიმართ. ევროპის მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცეს, რატომ დაიხარჯა ამხელა ფინანსები სხვის ომში“, – განაცხადა ილია ინჯიამ.