გიორგი კახიანი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადების შესახებ: “რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე კრიტიკული განცხადებების გაკეთება არასწორია. არაერთ ქვეყანაში არსებობს ასეთი პრაქტიკა, არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები”
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ეხმაურება ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტ გუდრუნ კუგლერის მოწოდებას – საქართველოს ხელისუფლებამ უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი.
,,ეს არის ჩვეულებრივი კონსტიტუციური პროცესი. საქართველოსთვის, რა თქმა უნდა, ასეთი განხილვა არ ყოფილა, როდესაც პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხზე ვსაუბრობთ, თუმცა, არაერთ ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა არსებობს. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა და შესაბამისი გადაწყვეტილებები. რაც კონსტიტუციური პროცესია, ამაზე რაიმე კრიტიკული განცხადებების გაკეთება, ბუნებრივია, არასწორია.
პროცესი არის საჯარო, საზოგადოება ხედავს, როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა, შესაბამისად, ეს საჯაროობაც არის იმის გარანტია, რომ პროცესი იქნება მიუკერძოებელი.
ამიტომ, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს; რაც კონსტიტუციით არის დადგენილი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ უნდა გაჩნდეს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


