ეკა სეფაშვილი: „პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელმაც, ფაქტობრივად, უნდა გააჯანსაღოს საქართველოს პოლიტიკური ველი და უკეთესი მომავლისთვის საფუძველი ჩაუყაროს იმ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით, რის გამოც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სარჩელი შევიტანეთ“
„პირდაპირი ეთერის საშუალებით ჩვენ თვალს ვადევნებთ პროცესს, რომელმაც, ფაქტობრივად, უნდა გააჯანსაღოს საქართველოს პოლიტიკური ველი და უკეთესი მომავლისთვის საფუძველი უნდა ჩაუყაროს იმ სასამართლო გადაწყვეტილების მიღებით, რის გამოც ჩვენ, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, სარჩელი შევიტანეთ“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მან თქვა, თუ რა პროცესები განვითარდა განხილვისას სხდომებზე.
„ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მეხუთე პარტიას არ ჰყავს, ცდილობენ – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ზუსტად ამ სურათს ვხედავთ. გამოგონილი, აბსურდული მიზეზებით, რაღაც მოგონილი ვითომდა პროცედურული გაუმართაობით, ვითომდა რაღაც დასკვნის დაუშვებლობასთან დაკავშირებით ცდილობენ დრო გააჭიანურონ და ყურადღება რაღაც უმნიშვნელო საკითხებზე გაამახვილონ.
ამბობენ ერთსა და იმავეს, ერთსა და იმავეს 50-ჯერ სხვადასხვა წინადადებით, სხვადასხვა ბრუნვაში და შედეგი არის ერთი – არ უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ ის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ მიერ, როგორც ამ სარჩელის ერთ-ერთი განმამტკიცებელი“, – განაცხადა სეფაშვილმა.


