ეკა სეფაშვილი: “ესენი არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება – მათ ქმედებებში იოლად შეინიშნება ერთი ხელით მართული კოორდინებული ნაბიჯები, ასე ვთქვათ, ორკესტრირებულად მოქმედებენ”
“არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას”, – განაცხადა მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ის ხუთი პარტია, რომელთა ანტიკონსტიტუციურად ცნობის შესახებაც სასამართლოში სარჩელია შეტანილი, უცხოური დაკვეთის შემსრულებელი პოლიტიკური აქტორები არიან და ცდილობენ გარედან მიღებული დავალებებით ზიანი მიაყენონ ქვეყანას და ქართველ ხალხს.
„ესენი [რადიკალური ოპოზიცია] არ არიან პოლიტიკური პარტიები. ეს არის უცხოეთის აგენტურული ქსელი, რომელიც ქართულ სინამდვილეში პოლიტიკურ პარტიებად იწოდება და ასეც არის რეგისტრირებული. ძალიან ხშირ შემთხვევაში ისინი დაარსებულნი არიან იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და დღეს ცდილობენ, გარედან მიღებული დავალებებით დააზიანონ ქვეყანა და ქართველი ხალხი. არ არსებობს არავითარი ხუთი პარტია – ეს არის ერთი ქსელი. ეს პარტიები წარმოქმნილია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განაყოფისა და იმ პიროვნებებისგან, რომლებიც თავად წარმოადგენდნენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. ისინი, საჭიროებისამებრ, ხანდახან განსხვავებულ როლს თამაშობენ. თავდაპირველად ჰქონდათ მცდელობა და დააარსეს კიდეც განაყოფი, რომელიც ვითომ ემიჯნებოდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.
ასეთივე იყო „კოალიცია ცვლილებებისათვის“ და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ვითომ ახალი პოლიტიკური პარტიები არიან… გახარიას პარტიაც, მიუხედავად იმისა, რომ ირწმუნებიან, ვითომ განსხვავებული მიდგომა აქვთ, არაფრით განსხვავდება მათგან, ისინი ერთიან პოლიტიკას ატარებენ და იოლად შეინიშნება ორკესტრირებული ქმედებები. არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი ცალ-ცალკე შეეხოს ყველა ამ პარტიას“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


