საზოგადოება

სააკაშვილი ლიზა იასკოს პასუხობს: „გიული ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს [სააკაშვილის და იასკოს შვილი] კიევის ცენტრში ბინა აჩუქა“

ლიზა იასკოს სასამართლო სარჩელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბრალდებული ექსპრზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, დედამისმა გიული ალასანიამ ლიზა იასკოსა და მის საერთო შვილს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჟასმინი ჩემი პოლიტიკური პატიმრობის შემდეგ დაიბადა, მე ის ძალიან მიყვარს და გულწრფელად ვზრუნავ მის კეთილდღეობაზე. სამწუხაროდ, ახლა არ მაქვს შესაძლებლობა, ვნახო ჩემი ქალიშვილი, ამიტომ დედაჩემი გიული რამდენჯერმე ესტუმრა მას კიევსა და ევროპის სხვა ქალაქებში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ჟასმინს ყოველთვიურად ფინანსურადაც ეხმარებოდა და ამას დღემდე აგრძელებს. გარდა ამისა, დედაჩემმა საქართველოში ოჯახის ქონების ნაწილი გაყიდა და 2022 წელს ჟასმინს კიევის ცენტრში ბინა აჩუქა. რა თქმა უნდა, მე და ჩემი ოჯახი სრულად ვართ პასუხისმგებელნი ჟასმინზე და ყოველთვის ვიზრუნებთ მასზე. იმედი მაქვს, მალე გავთავისუფლდები, რათა პირადად შევძლო ჩემს ქალიშვილთან ყოფნა და მას მშობლის სიყვარული და მზრუნველობა გავუზიარო“, – აცხადებს სააკაშვილი კომენტარებში.

ამასთან, სააკაშვილი ლიზა იასკოს შესახებაც წერს.

„მე დიდ პატივს ვცემ ლიზას, რომელიც, როგორც უკრაინის პარლამენტის დეპუტატი, მამაცურად შრომობს თავისი ქვეყნისთვის და ჩვენს მშვენიერ ქალიშვილ ჟასმინს უკიდურესად რთულ პირობებში, მუდმივი დაბომბვების ფონზე ზრდის“, – წერს პატიმარი სააკაშვილი.