პოლიტიკა

შალვა ოგბაიძე ოპოზიციის აქციის შესახებ: „ეს აქცია მათი საქმიანობის სარკე იყო – ფსკერიც კი გახვრიტეს“

„ეს აქცია მათი საქმიანობის სარკე იყო – ფსკერიც კი გახვრიტეს“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პატარა მაგალითს მოვიყვან, თუ რატომ ვერ კრებენ ისინი ადამიანებს იმისთვის, რომ დაგვამხონ: შარშან გვქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ამ ფორმატი მოითხოვს, რომ შენ უნდა წარსდგე ამომრჩევლების გარკვეული ჯგუფების წინაშე, უნდა იცოდე, რა პრობლემა აქვთ, რა გაკეთდა, რა გამოწვევა არსებობს, რა არ გაკეთდა – საუბარი სწორედ ამაზეა. იქნება ეს ბრტყელი სახურავი, სალიფტე მეურნეობა, გზის პრობლემა და ა.შ. ესენი კი, ამომრჩევლებს ესაუბრებიან ისეთ თემებზე, რომლებიც ძალიან არის აცდენილი ამ ადამიანების საჭიროებებს: ზოგადი ფრაზები, ბრტყელი საუბარი ევროკავშირზე, „დემოკრატიაზე“, „ხელისუფლება გავუშვათ, დავიჭიროთ“ – ეს არის მათი ძირითადი სათქმელი და მიდგომა.

განსხვავება სწორედ ამაშია: ჩვენ ძალიან დიდხანს ვმსჯელობთ და ვკამათობთ იმაზე, თუ როგორ უკეთ შეიძლება მივაღწიოთ იმ დიდ მიზანს, რასაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, ეკონომიკის ზრდა და უსაფრთხოება ჰქვია. ისინი კი რაზე გვესაუბრებიან? – მხოლოდ საკუთარ თვითმიზნებზე.

ეს აქცია მათი საქმიანობის სარკე იყო. ვიცით ისიც, რომ „თბილისი პრაიდი“ იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციის. ხომ ხედავ, რომ საზოგადოება ამას არ იღებს? არა, გინდა თუ არა, ამ პრაიდს მაინც „ატენი“ – ხომ უნდა მიხვდე, რომ ეს არ არის ის თემა, რითაც შენ ამომრჩევლის გულს მოიგებ. ამომრჩევლის გულს მოიგებ მხოლოდ მწყობრი, სწორად დალაგებული, სტრატეგიული პოლიტიკის ჩვენებით, იმის დემონსტრირებით, თუ როგორ შეიძლება სახელისუფლებო გუნდს აჯობო კონკრეტულ საქმიანობებში: უფრო სწრაფად გააკეთო, უფრო ეკონომიურად განახორციელო ესა თუ ის პროექტი, წარმოადგინო უსაფრთხოების უფრო უკეთესი პოლიტიკის ხედვა და არავითარ შემთხვევაში აქციებით. მათ ამით ფსკერიც კი გახვრიტეს. გვარამიას და მისთანების გასაშვები მთავრობა ნამდვილად არ გვყავს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.