პოლიტიკა

შალვა ოგბაიძე რადიკალური პარტიების გაუქმებაზე: „მათი ხსენებაც არ უნდა იყოს, უნდა გაქრნენ პოლიტიკური არენიდან. მე, როგორც იმ რეჟიმის ერთ-ერთი დევნილი ადამიანი, გულწრფელად ვიტყვი, რომ დავაგვიანეთ კიდეც – ეს აუცილებლად პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო“

„მათი ხსენებაც არ უნდა იყოს, უნდა გაქრნენ პოლიტიკური არენიდან. მე, როგორც იმ რეჟიმის ერთ-ერთი დევნილი ადამიანი, გულწრფელად ვიტყვი, რომ დავაგვიანეთ კიდეც – ეს აუცილებლად პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, შალვა ოგბაიძემ რადიკალური პარტიების გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

„მათი ხსენებაც კი არ უნდა იყოს, უბრალოდ უნდა გაქრნენ პოლიტიკური არენიდან. მე ამის საფუძველი მაქვს და არის ამის მაგალითები, საერთაშორისო გამოცდილება. მაგალითად, ჰიტლერის პარტია – ჰიტლერის პარტიას ფაშისტური ხომ არ ერქვა, არა? – ერქვა ნაციონალ-სოციალისტური პარტია და 1945 წლის მერე მოხდა გამარჯვებული კოალიციის მიერ ამ პარტიის გაუქმება. კითხვა გვიჩნდება: ხომ უკვე გაერთიანებულია გერმანია? რატომ არ ხდება ამ პარტიის აღდგენა? გერმანია, რომელიც, სხვათა შორის, მეტად ფრთხილია პარტიების გაუქმების თვალსაზრისით, რათა ამით არ დააზიანოს დემოკრატიის, ასე ვთქვათ, ფრთა, რატომ არ აღადგენს მას? იმიტომ, რომ ეს პარტია იყო რეჟიმი: ჯერ მოახდინეს ადამიანების სეგრეგაცია, შემდეგ – რასობრივად გაყოფა (არიული რასა და დანარჩენი რასები). აღარაფერს ვამბობ ჩვენს თანამოძმე ებრაელებზე, რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ მათ მიმართ, აღარაფერს ვამბობ საკონცენტრაციო ბანაკებზე და ა.შ.

ამიტომ ჩვენ ნუ შეგვაშინებს ის, რომ თითქოს დემოკრატიული უკუსვლა გვაქვს რომელიმე პარტიის გაუქმების გამო. მე, როგორც იმ რეჟიმის ერთ-ერთი დევნილი ადამიანი, გულწრფელად ვიტყვი, რომ დავაგვიანეთ კიდეც – ეს აუცილებლად პირველივე დღეებში უნდა მომხდარიყო. აქ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ, როგორც მოვლენა, ეს პოლიტიკური პარტია და ადამიანები, რომლებიც გულწრფელი მოსაზრებით თვლიან, რომ ის ლოზუნგები, რაც მათ ჰქონდათ, ის იყო მათთვის მისაღები და არა ადამიანების დევნით და გაუქმებით, არამედ სწორედ პარტიის გაუქმებით. ეს ადამიანები აუცილებლად იპოვიან თავის თავს – ძალიან ბევრი პარტიაა, რომელსაც ჩვენი კრიტიკა შეუძლია“, – განაცხადა შალვა ოგბაიძემ.