გიორგი კახიანი: „საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის. სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ვერ მოვისმინეთ“
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ეხმაურება და აცხადებს, რომ ოპოზიციას სარჩელთან დაკავშირებით არანაირი სამართლებრივი კონტრარგუმენტი არ აქვს.
„გუშინდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ისაუბრა მათ პოზიციაზე. ჩვენთვის, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო მათი პოზიციის მოსმენა, იმიტომ, რომ აქამდე არ ვიცოდით, რა სამართლებრივი კონტრარგუმენტები ჰქონდათ ჩვენს სარჩელთან მიმართებით, და გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ რაღაცას მაინც იტყოდნენ სამართლებრივი თვალსაზრისით. მაგრამ ვნახეთ, რომ, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს ტრიბუნა გამოიყენეს ისევ და ისევ პოპულიზმისთვის, ისაუბრეს იმაზე, თუ რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება და რამდენი სიკეთე მოუტანა მან ჩვენს ქვეყანას… ამის იქით, რაიმე სამართლებრივი კონტრარგუმენტი ჩვენი სარჩელის მიმართ ვერ მოვისმინეთ. ეს კითხვები სასამართლოსაც გაუჩნდა და ისიც შეეცადა, რომ იქნებ, მხარეს დაეზუსტებინა, კონკრეტულად რა სამართლებრივ კონტრარგუმენტებზე მიუთითებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ასეთი კონტრარგუმენტები არ აქვთ, ამიტომ ვერც მოვისმინეთ. დღეს არიან კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დარჩენილი. მათ ყურადღებით მოვუსმენთ, რას იტყვიან, მაგრამ, როგორც ჩანს, “ნაციონალურ მოძრაობას” კონტრარგუმენტები არ გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.


