მაია ბითაძე ოპოზიციის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ: „რაც არ უნდა მინისტრებად მოგვევლინონ ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ. მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი“

192

„ვერანაირი სალომე ზურაბიშვილის, უცხოელი ექსპერტის ან არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდება, რომ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ვერ ჩაანაცვლებს არჩევნებს“, – განაცხადა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.

“მიმდინარე წელს არჩევნები ჩატარდება ძალიან გამჭვირვალედ, იმაზე პროგრესულად, ვიდრე ოდესმე ჩატარებულა საქართველოში და, მოგეხსენებათ, ამისთვის ციფრული და ელექტრონული საშუალებები იქნება გამოყენებული. გასულ კვირას, ეუთო-ს გაეგზავნა ოფიციალური მოთხოვნა, რომ სადამკვირვებლო მისია ჩამოვიდეს გაძლიერებული ფორმატით და ბევრად უფრო ადრე, ვიდრე არჩევნებისთვის ჩამოდიან ხოლმე სადამკვირვებლო მისიები. ასევე, დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკვე ხვდება NDI-ის სადამკვირვებლო მისიას, რომელიც არჩევნებამდე 7 თვით ადრე არის ჩამოსული დაკვირვების პროცესის ინიციირებისათვის. შესაბამისად, ყველა ჩვენი ქმედება, ჯამში, უზრუნველყოფს იმას, რომ არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი იმ მცდელობისთვის, რასაც მანიპულაციები ჰქვია, რაც არის ჩვენი რადიკალური ოპოზიციის (რომელიც ცდილობს, რომ ახლა გადაიქცეს რაღაც სხვა გაერთიანებად) მთავარი დღის წესრიგი. რაც არ უნდა გადაჯგუფდნენ, რაც არ უნდა მინისტრებად მოგვევლინონ ხაზარაძე, გვარამია, ვაშაძე თუ პაატა მანჯგალაძე, ამას ისინი არ წყვეტენ. მათ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ ეს არის ქართველი ხალხის გადასაწყვეტი”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.