კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: “კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია”
„ახლა, როდესაც ვსაუბრობთ პარტიების აკრძალვაზე, ხომ ცხადია, საიდან მოდიოდა ეს 4 ოქტომბრის თემა? ვისი დაფინანსებით იყო? ვისი წახალისებით კეთდებოდა? თქვენ გგონიათ, რომ ხალხი ვერ ხვდება, რა პროცესები მიდის? ვერ ხვდება, საიდან იმართება ეს ყველაფერი? ვერ ხვდება, ვინ მართავს ამ ადამიანებს?” – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან 4 ოქტომბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესების კომენტირებისას.
“ხომ გახსოვთ, რა ხდებოდა 4 ოქტომბრამდე? თვეების განმავლობაში მიდიოდა პირდაპირ კამპანია, – სახელმწიფო გადატრიალება უნდა მოვაწყოთ, უნდა დავამხოთ ხელისუფლება, უნდა მოვაწყოთ რევოლუციაო. თქვენ გსმენიათ, რომელიმე ევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელი, ელჩი გამოსულიყო ან, ვთქვათ, ევროპარლამენტარი და დაეგმო ეს ყველაფერი? როგორ დაგმობდნენ, როცა პირდაპირ ახალისებდნენ ამ ყველაფერს და ხელს უწყობდნენ!
შესაბამისად, 4 ოქტომბერს შეეცადნენ, სისრულეში მოეყვანათ ეს ყველაფერი, რასაც იქამდე ღიად ამბობდნენ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა იმოქმედეს დროულად, იმოქმედეს ღირსეულად და დღეს გვყავს დაკავებული ადამიანები.
მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩაიდინეს ძალიან მძიმე დანაშაული, რამდენიმე ბოდიშს იხდის, აღიარებს დანაშაულს. ხელისუფლებას კი, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ჰუმანური დამოკიდებულება აქვს. კარგია, რომ ისინი ხვდებიან ამ დანაშაულს, ამ დანაშაულის სიმძიმეს. ჰუმანურობა კი ჩვენი პოლიტიკის ნაწილია”, – განაცხადა კახა კალაძემ.


