გურამ მაჭარაშვილი: “როცა ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს როინ შავაძის მკვლელობას, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები”
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში კომენტარი გააკეთა, პატიმარ სააკაშვილის მიერ როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მაჭარაშვილის თქმით, სააკაშვილმა თავისი განცხადებით პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს.
მისივე თქმით, სააკაშვილის განცხადებით შესაბამის უწყებები უნდა დაინტერესდნენ.
„ჩვენ ვსაუბრობთ რეჟიმზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო საქართველოს სახელმწიფოსთან. ისინი თავადვე აღიარებენ, რომ იმართებოდნენ და დღესაც იმართებიან უცხოეთიდან და ამით ამაყობენ.
ასეთი რეჟიმის წარმომადგენლებისგან არ უნდა გაგვიკვირდეს ისეთი აღიარებითი განცხადება, როგორიც მათმა ბელადმა სააკაშვილმა გააკეთა [როინ შავაძის მკვლელობასთან დაკავშირებით]. სააკაშვილმა ამ განცხადებით მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რაც, თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ოჩიგავას საქმესთან დაკავშირებით თქვა: სასამართლო აღშფოთებულია იმით, თუ როგორი სისტემა შექმნა სააკაშვილმა საქართველოში და რომ ამ სისტემის მსხვერპლნი გახდნენ ადამიანები.
სააკაშვილმა პრაქტიკულად აღიარა ის, რასაც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში ედავებიან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ფილიალებს. დიახ, ისინი თუ თვლიდნენ, რომ ვიღაცამ მათ უღალატა და ა.შ. – არ ასამართლებდნენ ადამიანს, ისე შეეძლოთ მოეკლათ. ვფიქრობ, შესაბამისი ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უნდა აღიძრას თუ არა სისხლის სამართლის საქმე როინ შავაძესთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებულ აღიარებით განცხადებაზე.
შეგახსენებთ, რომ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საერთაშორისო სასამართლოს პირდაპირ აქვს ნათქვამი, რომ სისტემური დანაშაულის სათავეში იდგა სააკაშვილი. შესაბამისად, როინ შავაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება არის სააკაშვილის აღიარებითი ჩვენება, რომელთან დაკავშირებითაც, წესით, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ კითხვები. როცა ყოფილი პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ მან იცოდა, იწონებდა და დღესაც იწონებს ამ მკვლელობას, რა თქმა უნდა, როგორც მინიმუმ, გამოსაკითხია ეს ადამიანი – ის ხომ არ იქნებოდა მარტო ამ საქმეში, აუცილებლად ეყოლებოდა თანამზრახველები?! სააკაშვილის ეს საჯარო აღიარება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე რეჟიმი, რომელიც კლავდა და ხოცავდა ხალხს, ყოველგვარი აპელაციის გარეშე და სააკაშვილმა ეს პირდაპირ აღიარა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


