პოლიტიკა

კახა კალაძე „რიყის დოქების“ შესახებ: “ჩვენს მუნიციპალიტეტში დამალულად არაფერი ხორციელდება. საზოგადოებას სრული ინფორმაცია ექნება მომავალში წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით”

“ერთი დღის განმავლობაში, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცრუ კამპანია მიმდინარეობდა”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს რიყის პარკის ტერიტორიაზე მოთხოვნილია სამშენებლო ნებართვა 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე.

„ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, იმ ადამიანმა, ვინც ეს ცრუ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, იქვე მიაწერა თავის “ფეისბუკ-პოსტში”, რომ ეს წარმოდგენილი ვითომ 10-სართულიანი შენობა-ნაგებობა იყო მის მიერ შექმნილი, AI-ის გამოყენებით, თუმცა, როდესაც ადამიანებს უნდათ, სიცრუე დაიჯერონ, მათთვის ამას არანაირი არსებითი მნიშვნელობა არა აქვს.

იმ ადამიანებისთვის, რომელთაც აინტერესებთ, ზოგადად, ქალაქის ბედი, ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი ინფორმაცია. იქ არანაირი 10-სართულიანი შენობის პროექტზე არ არის შემოსული განაცხადი. არანაირი პროექტი არ შემოსულა მუნიციპალიტეტში.

ვიცი, 2012 წლამდე, წინა მთავრობის დროს, ამას როგორ აკეთებდით, მაგრამ ჩვენს პირობებში ყველაფერი იქნება ცხადი. საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია იმ სამუშაოებთან დაკავშირებით, იმ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მომავალში განხორციელდება. დავთანხმდებით იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.