პოლიტიკა

გიორგი კახიანი: “ბიძინა ივანიშვილი, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელებისა და მასწავლებლების ხელფასებს. უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, პირადი სახსრები, 3.5 მილიონი დოლარი დახარჯა ქველმოქმედებაში და ამ თანხიდან 1 თეთრი საქართველოში არ უშოვია”

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი ნიკა გვარამიას განცხადებებს ეხმაურება.

„დღეს ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ბატონი გვარამიასგან, და არაერთი მაგალითი ითქვა ამ თვალსაზრისით, მაგრამ ერთს გამოვყოფდი. მან ისაუბრა იმაზე, თუ (მისივე სიტყვებით) რას ემიჯნებოდა და იყო მოლოდინი იმისა, რომ იტყოდა: ვემიჯნები, მაგალითად, ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ის ამას კი არ ემიჯნება, არამედ, თურმე, ემიჯნება იმას, რომ თურმე, ბიძინა ივანიშვილი გადასახადებს არ იხდიდა და შემდეგ ამ გადასახადებით მოვიდა ის პოლიტიკაში. ამას ამბობს ადამიანზე, რომელსაც ქონება საქართველოში არ შეუძენია და, რაც ჰქონდა ქონება, თავისი ქონების 80% მოახმარა ქვეყანას, და 3.5 მილიონი ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ქვეყნის მიმართ.

ბიძინა ივანიშვილი, მაშინ, როდესაც ბიუჯეტი გაღლეტილი იყო, აფინანსებდა პოლიციელების ხელფასებს, მასწავლებლების ხელფასებს და უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის და აღმოჩნდა, რომ თურმე, ბატონი გვარამია ამას ემიჯნება და არა იმას, რომ სისტემურ დანაშაულებს ჰქონდა ადგილი მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.