პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: „ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარება. მეცნიერება ქვეყნის განვითარების ნაწილია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა“

„გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავს. აკადემიის ისტორია 1941 წლიდან იწყება, მაგრამ ქართული მეცნიერების ისტორია, ცხადია, გაცილებით ძველია. გელათი და იყალთო, ქართული სამონასტრო და საგანმანათლებლო კერები, მოგვიანებით – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ეს არის ერთი ხანგრძლივი ინტელექტუალური ტრადიციის სხვადასხვა ეტაპი, რომელმაც, საბოლოოდ, ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის შექმნამდე მიგვიყვანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„შემთხვევითი არ არის ისიც, თუ ვინ იდგა აკადემიის სათავეებთან. ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, დიმიტრი უზნაძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ჯანაშია და მათი თანამოაზრეები მხოლოდ ცალკეული მეცნიერები არ ყოფილან. მათ შექმნეს სამეცნიერო სკოლები და ინსტიტუტები, რომელთა გავლენა ერთი თაობის ფარგლებს გასცდა.

მიუხედავად რთული წლებისა, ომისა, გაჭირვებისა თუ რეპრესიებისა, ქართულმა ნიჭმა და გონმა მაინც მოახერხა საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა და საბჭოთა პირობებში შექმნა თავისი სკოლა, თავისი გამოცდილება, თავისი მიღწევები და ზედ დააფუძნა ისეთი ინსტიტუციები, რომელთა ინერცია და გავლენა დღევანდელ დღემდე აღწევს.

ყველა ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება საკუთარი ცოდნა საკუთარ თავსა და სამყაროზე. სჭირდება მეცნიერები, რომლებიც იკვლევენ მის ენას და ისტორიას, ბუნებრივ რესურსებს და ბიომრავალფეროვნებას, საზოგადოებასა და ეკონომიკას; ქმნიან ახალ ტექნოლოგიებს, ავითარებენ მედიცინას, სოფლის მეურნეობას, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

სახელმწიფო, რომელსაც საკუთარი სამეცნიერო შესაძლებლობა არ აქვს, საბოლოოდ, სხვაგან შექმნილ ცოდნაზე ხდება დამოკიდებული. ხოლო ქვეყანა, რომელსაც შეუძლია ცოდნის შექმნა, შეუძლია, უფრო დამოუკიდებლად განსაზღვროს საკუთარი განვითარებაც. ამიტომ, მეცნიერება მხოლოდ კულტურული ან საგანმანათლებლო სფერო არ არის. იგი ქვეყნის განვითარების, კონკურენტუნარიანობისა და სახელმწიფოებრივი შესაძლებლობის ნაწილია.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია 85 წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურა. მან შეინარჩუნა და განავითარა ქართული სამეცნიერო სკოლები, მნიშვნელოვანი ადგილი დაუთმო ეროვნული ენის, ისტორიისა და კულტურის კვლევას და, ამავე დროს, ქართულ მეცნიერებას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცესთან აკავშირებდა.

დღეს კი მეცნიერების წინაშე სრულიად ახალი მასშტაბის შესაძლებლობები და გამოწვევებია. ხელოვნური ინტელექტი, ბიოტექნოლოგიები, გენეტიკა, ახალი ენერგეტიკა, კვანტური ტექნოლოგიები და მონაცემთა მეცნიერება უკვე ცვლის ეკონომიკას, მედიცინას, უსაფრთხოებასა და თავად ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას. მეცნიერების განვითარების სიჩქარე იმდენად მაღალია, რომ წარმატებული ქვეყნებისათვის მხოლოდ ახალი ცოდნის გამოყენება აღარ არის საკმარისი – აუცილებელია მის შექმნაშიც მონაწილეობა.

ამიტომ ამ საიუბილეო წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მეცნიერებზე საუბარი. აკადემიის წარსულის დაფასების საუკეთესო გზა მისი წარსულის გამეორება კი არა, იმ პირობების შექმნაა, სადაც ახალი თაობა საკუთარ სამეცნიერო სკოლებს, აღმოჩენებსა და საერთაშორისო წარმატებებს შექმნის.

ჩვენ უნდა გვყავდეს ბევრი ახალგაზრდა ქართველი მეცნიერი, რომელსაც საქართველოში ექნება კვლევის შესაძლებლობა, პროფესიული განვითარების პერსპექტივა და განცდა, რომ მისი ცოდნა საკუთარ ქვეყანას სჭირდება.

საქართველოს მეცნიერების სიძლიერე ყოველთვის გამოიხატებოდა იმაშიც, რომ იგი საკუთარ ეროვნულ საფუძველზე იდგა და, ამავე დროს, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებთან იყო დაკავშირებული. სწორედ ეს ორი რამ უნდა შევინარჩუნოთ მომავალშიც – ძლიერი ეროვნული სამეცნიერო სკოლა და მაქსიმალური გახსნილობა მსოფლიო მეცნიერებისადმი.

85 წელი კარგი დროა წარსულის შესაჯამებლად. ასევე კარგი დროა მომავლის დასანახად – მომავლის, რომელიც აწ უკვე დამოუკიდებელ, ერთიან და სუვერენულ სახელმწიფოს უკავშირდება.

აკადემიის ისტორიას ქმნიდნენ ადამიანები, რომლებიც პასუხებს ეძებდნენ იმ კითხვებზე, რომლებიც მათ ეპოქას ჰქონდა. დღევანდელი თაობის პასუხისმგებლობაა, პასუხი გასცეს ჩვენი დროის კითხვებს.

ამიტომ დღეს, როდესაც მადლობას ვუხდით ქართული მეცნიერების ყველა იმ წარმომადგენელს, ვინც აკადემიის 85-წლიანი ისტორია შექმნა, ამავე დროს, მომავალსაც ვუყურებთ – იმ მეცნიერებს, კვლევებსა და აღმოჩენებს, რომლებიც ჯერ წინ არის.

გილოცავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილეს. მადლობა თითოეულ თქვენგანს ქართული მეცნიერების სამსახურისთვის. გისურვებთ ახალ აღმოჩენებს, ძლიერ ახალგაზრდა თაობას და საქართველოს მეცნიერების კიდევ უფრო დიდ საერთაშორისო წარმატებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.