საფრანგეთში პოლიციელების წინააღმდეგ მოლოტოვის კოქტეილის გამოყენების შემდეგ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო
საფრანგეთის პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც არეულობის დროს პოლიციელების მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილები ისროლეს. ინფორმაციას ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, BBC ავრცელებს.
შაბათს, პარიზში, დემონსტრანტებთან შეტაკების დროს გადაღებულმა ფოტომ, რომელზეც ჩანს ფეხზე ცეცხლმოკიდებული პოლიციელი, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვია. ეს შემთხვევა საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე ქუჩის საპროტესტო აქციებს მოჰყვა, რომლის დროსაც დემონსტრანტებიც დაშავდნენ.
პოლიციელმა, რომელმაც კოჭის არეში დამწვრობა და ხელზე მსუბუქი დაზიანებები მიიღო, ფრანგულ გაზეთ “Le Figaro-ს” განუცხადა, რომ გამოყენებული ცეცხლგამჩენი მოწყობილობა „განსაკუთრებით დახვეწილი“ იყო.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ პოლიციის კორდონის მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, მისი შეფასებით, „მკვლელობის მცდელობაა“. მან ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცველები დამნაშავეების იდენტიფიცირებასა და დაკავებაზე მუშაობენ.


