პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ბერა ივანიშვილის სარჩელზე: „ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მედიასაშუალებებმაც, რომ ასეთი ცილისწამებლური კამპანიის გამო შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუდგეთ, რაც, რა თქმა უნდა, ნორმალურია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში“

„ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მედიასაშუალებებმაც, რომ ასეთი ცილისწამებლური კამპანიის გამო შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუდგეთ, რაც, რა თქმა უნდა, ნორმალურია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა ბერა ივანიშვილის სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

„ყველას ესმის, რომ მკაფიო ზღვარი არსებობს გამოხატვის თავისუფლებასა და ცილისწამებას შორის, ისევე როგორც გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის ღირსების შელახვას შორის. მერე უკვირთ ხოლმე: „პოსტებზე რატომ ვჯარიმდებით, ეს ხომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვააო?!“ – როდესაც ფეისბუქის მეშვეობით ადამიანებს ისეთ შეურაცხყოფას აყენებენ და ღირსებას ისე ულახავენ, რომ იმ ფრაზებს ვერც კი გავიმეორებთ. სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოსაც დადგენილი აქვს პრაქტიკა, რომელიც ზღვარს ავლებს გამოხატვის თავისუფლებასა და ღირსების შელახვას შორის.

რაც შეეხება ბერა ივანიშვილზე თავდასხმას, რა თქმა უნდა, ეს არის თავდასხმა ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. და ჩვენ არ უნდა გაგვიკვირდეს – უტიფრობის ისეთი სიმაღლეები აქვთ დაპყრობილი, რომ, მაგალითად, ნიკა გვარამიამ სასამართლო პროცესზე განაცხადა: „ვემიჯნები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ქმედებას, როდესაც ისინი რაღაც გადასახადებს პატიობდნენ ბიძინა ივანიშვილს, მაგით გამდიდრდა ბიძინა ივანიშვილი და აი, ამ არგადახდით გამდიდრებული შემდეგ რაღაც ფულით ოპერირებდაო…“ ანუ, უტიფრობის ყველანაირი სიმაღლე აქვთ დაპყრობილი და შესაბამისად, არაფერი უნდა გაგვიკვირდეს.

თუმცა ყველამ უნდა იგრძნოს სამართლებრივი პასუხისმგებლობა, როდესაც ადამიანს ცილს დასწამებს – იქნება ეს პოლიტიკოსი თუ პოლიტიკის მიღმა მყოფი პირი – როდესაც მტკიცებით ფორმაში აბრალებ ათას სიბინძურეს. მით უმეტეს, როცა ხარ მედიასაშუალება და გყავს კონკრეტული მაყურებელი, რომელსაც არ აქვს საშუალება, ინფორმაცია გადაამოწმოს (სამწუხაროდ, მათი უმრავლესობა უკვე დაზომბებულია წლების განმავლობაში და არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ აინტერესებთ) და გგონია, რომ ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერი რამე შეგიძლია დააბრალო და ნებისმიერი იარლიყი მიაწებო. შესაბამისად, ყველამ უნდა იგრძნოს, მათ შორის მედიასაშუალებებმაც, რომ ასეთი ცილისწამებლური კამპანიის გამო შეიძლება სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაუდგეთ, რაც, რა თქმა უნდა, ნორმალურია ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.