პოლიტიკა

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“ – ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე

„როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა, უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა ევრობიუროკრატების უსამართლო მიდგომებზე საუბრისას განაცხადა.

„დაახლოებით ხუთი წელია, რაც დაიწყო ეს უსამართლობა – სწორედ მაშინ, როცა დაიწყო რუსეთის აგრესია უკრაინაში და საქართველომ უარი განაცხადა ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებაზე. ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, არ დავუწესეთ სანქციები რუსეთს, არ გავაგზავნეთ მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური თანხმობით და არ გადავეცით ჩვენი შეიარაღება უკრაინას. ჩვენ რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა, რასაც ევრობიუროკრატები გვთხოვდნენ და რეზოლუციებშიც გვიწერდნენ, ჩვენ ომში აღმოვჩნდებოდით – საღად მოაზროვნე ადამიანს ამაში ეჭვი ნამდვილად არ ეპარება.

შესაბამისად, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა – პირველ პლანზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, შევინარჩუნეთ მშვიდობა, შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარება და, რა თქმა უნდა, ამას ალტერნატივა არც ჰქონდა. რატომ სურდათ აგენტურის მოყვანა ხელისუფლებაში? – ვინაიდან ისინი ამ ყველაფერს შეასრულებდნენ ზუსტად ერთ დღეში. მაგიტომ იყო ამდენი უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში, მაგიტომ ჩაუტარეს წინასაარჩევნო კამპანიები რადიკალურ ოპოზიციას ბრიუსელიდან, მაგიტომ აგზავნეს საგარეო საქმეთა მინისტრები ანტისამთავრობო მიტინგებზე, მაგიტომ აგზავნეს ევროპარლამენტარების დელეგაციები, მაგიტომ უწოდეს გამჭვირვალობის ქართულ კანონს „რუსული კანონი“ (ვინაიდან თვითონ აფინანსებდნენ ამ მდიდარ ენჯეოებს და არ სურდათ, ეს ყველაფერი საჯარო გამხდარიყო) და სწორედ აქედან გამომდინარეობს ამ ხუთი წლის განმავლობაში მათი მხრიდან მუდმივი დეზინფორმაციის გავრცელება და „თეთრზე შავის ძახილი“.

გამორიცხულია – როგორიც არ უნდა იყოს შანტაჟი, წნეხი და ზეწოლა (ჩვენ ეს საქმით გვაქვს დამტკიცებული „ქართულ ოცნებას“), უკან ვერავინ დაგვახევინებს. ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, „ქართული ოცნება“ მუდამ იქნება საქართველოში მშვიდობის, სტაბილურობისა და სუვერენიტეტის გარანტორი“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.