პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან.
შეხვედრაზე განვიხილეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი და ამ გზაზე რეფორმების დღის წესრიგი.
შარლ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს მთავრობის მხრიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის პრიორიტეტულობის დემონსტრირებაა.
ასევე, მადლობა გადავუხადე შარლ მიშელს მხარდაჭერისთვის და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში პირადი ჩართულობისთვის.
შეხვედრაზე ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ვიმსჯელეთ და ამ კონტექსტში ხაზი გავუსვით კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას. ბატონ მიშელთან საუბრისას აღვნიშნე ისიც, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უპრეცედენტო იმპულსი შექმნა და საქართველოს ხელისუფლება შემდგომი პროგრესის მისაღწევად აქტიურ მუშაობას აგრძელებს.
ხაზი გაესვა ევროკავშირის ინსტიტუტების შემდგომი მხარდაჭერის მნიშვნელობას და გაწევრიანების შემდეგ ეტაპებზე ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობას.
შარლ მიშელს განვუცხადე, რომ ჩვენი ქვეყანა რეფორმების პროცესის წინსვლისთვის აგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. ასევე აღვნიშნე ის ფაქტიც, რომ ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველომ კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიმუშავა ანგარიშში განსაზღვრული რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლის განხორციელებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასაც. ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ინფორმაცია მივაწოდე იმის შესახებაც, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე გაუგზავნა მოწვევა OSCE-ODIHR-ის არჩევნების სადამკვირვებლო მისიას და ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას.
განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება – ევროკავშირის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადე და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის კიდევ უფრო აქტიურად ჩართულობის საჭიროებაზე ვისაუბრეთ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებზე“, – წერს პრემეირი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.


