პოლიტიკა

ბაჩო ოდიშარია „ევრონიუსის“ ორგანიზებულ გაფართოების სამიტში პრემიერის მონაწილეობაზე: „რა აღტყინებაც ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს“

„ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად, ირონიულად უპასუხა პრემიერმა“, – განაცხადა ეროვნული კინოცენტრის სტრატეგიული განვითარების დირექტორმა ბაჩო ოდიშარიამ, რითაც უპასუხა კითხვას – „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ სამიტზე მოდერატორმა სცადა პრემიერთან საუბრისას ფოტოგადაღების თემით მანიპულირება, ამის მიზანი რა იყო?

ოდიშარიას თქმით, „ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის“ მხრიდან ამ ფაქტზე აპელირება ემსახურებოდა ყურადღების გადატანას იქიდან, რომ რეალურად, საერთაშორისო ასპარეზზე, „ქართული ოცნებისადმი“ სრული ლეგიტიმაცია არსებობს.

„ეს მეორე ფლანგზე არგუმენტების სიღატაკეს აჩვენებს, რადგან როდესაც აღარ გრჩება რამე ფაქტით გამყარებული მსჯელობის შესაძლებლობა, რომ ეს ბრალდებები რამით გააძლიერო, ყველაფერზე იღებ რაციონალურ, ლოგიკურ ფაქტზე ნაშენებ პასუხს, გიწევს გამოგონილ სივრცეში გადახვიდე და ისეთი რაღაცის დაბრალება დაიწყო, რომელსაც ვერავინ დაასაბუთებს. ეს იყო ძალიან დაბალი სტანდარტის დემონსტრირება, რომელსაც ძალიან სწორად – ირონიულად უპასუხა პრემიერმა. ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, რა ტიპის ოპონირება უწევს ხელისუფლებას, ხელისუფლების მხარდამჭერებს, რადგან მუდმივად, ჩვენი მისამართით არის ისეთი აბსურდული ბრალეულობა წაყენებული, დაწყებული იმით, რომ რუსეთის ხელით ვიმართებით, დამთავრებული იმით, რომ თურმე ვიღაცას ფოტოს გადაღება არ უნდა, შეუძლებელია სერიოზულ დისკუსიაში მსგავს რაღაცაზე მიდიოდეს განხილვა.

რა აღტყინებაც ჩვენ ვიხილეთ ოპოზიციურად განწყობილი მიკროსოციუმის მხრიდან სოცქსელებში, ეს იყო აქცენტის გადატანა იქიდან, რომ საერთაშორისო პლატფორმაზე პრემიერს აღიარებენ, როგორც პრემიერს, არსებობს სრული ლეგიტიმაცია ქართული ოცნებისადმი და ის ილუზია, რომ ვართ იზოლირებული და არავინ გველაპარაკება [არ დადასტურდა] “, – აღნიშნა ოდიშარიამ.