ირაკლი ზარქუა: „ბატონო ჰერჩინსკი, გვაინტერესებს, როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა, თურმე, რადიკალების მხრიდან აზრის გამოხატვა და დემოკრატიაა, ხოლო საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის ახალგაზრდებს მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ“
„ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ჰერჩინსკის მიმართვა ბატონი პრემიერ-მინისტრის მიმართ, რა თემაზე გვქონდეს დისკუსია. არა, ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ სხვა თემებზე გვინდა თქვენთან და თქვენს წარმომადგენლებთან დისკუსია – ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში „გამჭვირვალობის კანონს“ თქვენ დაარქვით რუსული კანონი, ხოლო საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, სხვა სახელმწიფოებში “გამჭვირვალობის კანონი” მიიღეთ უფრო მკაცრი და იქ ცდილობთ, რომ ამით თქვენი ქვეყნის უსაფრთხოება დააწესოთ“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მან ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის სხვა კითხვებიც დაუსვა, კერძოდ, ზარქუა შეეხო ევროპული სტრუქტურების მხრიდან საფრანგეთსა და საქართველოში პოლიციელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის განსხვავებულ შეფასებებს. ის ასევე დაინტერესდა, როგორ ხდება ისე, რომ საქართველოს ევროკომისიის ყველა კვლევასა და ნდობის რეიტინგში წამყვანი პოზიციები აქვს მინიჭებული, თუმცა, „ჰერჩინსკი და მისი სამეგობრო“ ქვეყანას მაინც „აშავებენ“.
„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს, თემაზე დისკუსია ასე როგორ ხდება და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პოლიციელის ცოცხლად დაწვა – ეს არის, თურმე, რადიკალების მხრიდან აზრის და თავისუფლების გამოხატულება და დემოკრატია, ხოლო საფრანგეთში ანალოგიური ქმედებისთვის იმ ახალგაზრდებს რადიკალებად მოიხსენიებთ, და უფრო მეტიც – მკვლელობის მცდელობის მუხლით ასამართლებთ, რომელზეც არის 10 და 15 წელი ციხე.
ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს, თემაზე დისკუსია ასე როგორ ხდება და როგორ ახერხებთ, რომ საქართველოში პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმაზე, შემტვრევაზე, შტურმით აღებაზე ხმას არ იღებთ, ჩირგვებში ხართ შემძვრალი, ხოლო ევროპაში რასაც ვხედავთ, ის გამოსვლები რაც არის, თქვენ რადიკალებს უწოდებთ იმ ახალგაზრდებს, რომელთაც, მე პირადად მგონია, რომ სამართლიანი მოთხოვნა აქვთ – თქვენ მათ ტერორისტებად მოიხსენიებთ.
ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვინდა დისკუსია თქვენთან და თქვენს უკან მდგომ იმ გუნდთან, ვინც ჩემს ქვეყანას „აშავებს“ – თუ როგორ ხდება ასე, რომ ევროკომისია, რომელიც თქვენივე სტრუქტურაა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელიც თქვენივე დაფინანსებით არის – წერენ საქართველოზე, რომ დიახ, მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვთ; დიახ, სტაბილური ეკონომიკა აქვთ; დიახ, მიმზიდველია საერთაშორისო ბიზნესისთვი; სდიახ, საქართველო მთავრობის მიმართ ნდობის რეიტინგში ევროპაში პირველ ადგილას ვართ; დიახ, მართლმსაჯულების მიხედვით, ნდობის მიხედვით, საუკეთესო სამეულში ვართ – როგორ ხდება ასე, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო კიდევ ჩვენს ქვეყანას „აშავებთ“?“ – განაცხადა ზარქუამ.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებდა, რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა იმ ფონზე, რომ კავშირის წევრმა ქვეყნებმა, მაგალითად, ლატვიამ, საქართველოს რუსეთთან ვაჭრობის მაჩვენებლით გადაასწრო.
ზარქუამ პარალელი გაავლო აშშ-ის ყოფილ ელჩ კელი დეგნანთან და აღნიშნა, რომ პაველ ჰერჩინსკი მის მსგავსად დაასრულებს დიპლომატიურ კარიერას, ვინაიდან, იმის ნაცვლად, რომ საქართველოსა და ევროკავშირის დაახლოებაზე ეზრუნა, ყველაფერი გააკეთა, რომ მათ შორის უფსკრული კიდევ უფრო გაზრდილიყო.
„ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს, როდესაც “მოლოტოვის კოქტეილს” ისროდნენ საქართველოში და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს პოლიციელებს და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, შემდეგ აქცია რომ გაიმართა ევროპული ფონდების დაფინანსებით, რომანტიზირებას რომ ახდენდით “მოლოტოვის კოქტეილის” სროლაზე, მანდ სად იყავით, რატომ არ დაგმეთ, რატომ არ გამოხვედით? ჩვენ ამ თემებზე გვინდა დისკუსია.
ბატონო ჰერჩინსკი, ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ხდება ისე, რომ ჩვენ, საქართველოს, მოგვიწოდებდით, რომ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და, ამ დროს, თქვენივე [წევრმა] სახელმწიფომ, ლატვიამ, რომელზეც ღვინოს არ აწარმოებს, ჩვენ გადაგვასწრო რუსეთთან ვაჭრობაში. როგორ ხდება ის, რომ კაია კალასი, რომელიც ჩვენ გვაკრიტიკებს და სანქციებისკენ მოგვიწოდებს, მისი მეუღლე დღემდე ვაჭრობს და ფულს აკეთებს, მილიონებს აკეთებს რუსეთთან. ბატონო ჰერჩინსკი, ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია.
და ბოლოს: ჩვენ მკაცრი დისკუსია გვმართებს და თქვენს ინტერესებშია, რომ გავიგოთ, ვინ გაიძულებთ თქვენ, რომ ასე „ლუზერად“ გამოიყურებოდეთ საქართველოში, იმიტომ, რომ თქვენ ყველაფერი გააფუჭეთ. როგორც ამერიკის ყოფილმა ელჩმა დეგნანმა [გააფუჭა] და წავიდა წავიდა პენსიაზე, ზუსტად ასე გელით. თქვენ სამარცხვინოდ ამოწურავთ თქვენს მისიას საქართველოში. იმის ნაცვლად, რომ ეს უძველესი ცივილიზაციის სახელმწიფო, უმაგრესი კულტურის, უმაგრესი ხალხით, ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების, ჩვენი კულტურით, ისტორიით, წარსულით – თქვენ კიდევ უფრო მეტად ევროკავშირთან დაგეახლოებინათ, პირიქით, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენ შორის კიდევ უფრო მეტი უფსკრული ყოფილიყო. ამ თემებზე გვაინტერესებს დისკუსია და მოველით, რომ თქვენ და თქვენი სამეგობრო ამ თემებზე დისკუსიას დათანხმდებით“, – განაცხადა ზარქუამ.


