„დასავლეთმა ვერ უგულვებელყო საქართველოს გონიერი ხელისუფლების სწორი პოლიტიკა და დღეს ამის აღიარებებს ვისმენთ”, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს.
„პრემიერ ირაკლი კობახიძის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში მოულოდნელი არ იყო ჩვენთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის ნამდვილად მოულოდნელი აღმოჩნდა ევროპელი ლიდერების ასეთი პოზიტიური განცხადებები. ძნელი მოსასმენი იქნებოდა მათთვის ჯოზეფ ბორელისა და ოლივერ ვარჰეის გზავნილები, რომელიც ხელისუფლების ძლიერ ევროპულ პოლიტიკაზე მიუთითებს. ბუნებრივია, პრემიერის წარმატებული ვიზიტის შემდეგ, ძნელია მათთვის წინასაარჩევნო კამპანიის აგება ხელისუფლების ვითომდა ანტიევროპულ პოლიტიკაზე.
ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტმა ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანია გაანადგურა. სათქმელი რომ აღარ აქვს ოპოზიციას, ახლა ვადებზე ალაპარაკდნენ, – თურმე, 2030 წელი შორს ყოფილა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ კიდევ ერთ დეზინფორმაციულ განცხადებას კვლავ ევროპელი ლიდერები უპასუხებენ, როგორც უკვე თქვეს ერთხელ, – რომ სტატუსიდან გაწევრიანებამდე 6 წელი ძალიან მცირე დროა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ეს შეუძლია და შეძლებს კიდეც.
არ ვიცი, ვის და რის იმედზეა დარჩენილი ქართული ოპოზიცია საარჩევნოდ – მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის და მათი უცხოელი ლობისტების, რომლებიც იმ ევროპაშიც უმცირესობაში არიან? ფაქტია, ყოველი დღე, შიდა თუ საგარეო პოლიტიკაში, მათთვის გამანადგურებელია”, – წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩიბურდანიძე.


