პოლიტიკა

სააკაშვილი 7 ნოემბრის დარბევაზე: „რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“

„სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომელიც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ „მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიო დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა“, მოსკოვი გადავიდა აქტიურ ქმედებაზე და „მათ აამოქმედეს თბილისში ჩანერგილი რუსი ოლიგარქი არკადი პატარკაციშვილი“.

სააკაშვილი მიიჩნევს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს არც ერთი კანონი არ დარღვეულა და ნაცმოძრაობამ ყველაფერი სწორად გააკეთა, რის შედეგადაც, ქვეყანა გადაარჩინა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა გადაარჩინა 2008 წელსაც, თუმცა, 2012 წელს საქართველოს გადარჩენა ვეღარ შეძლო.

„რა მოხდა სინამდვილეში 2007 წლის ნოემბერში * მას შემდეგ, რაც რუსეთს დავაკარგვინეთ კონტროლი აჭარაზე და ჯავახეთის რეგიონზე * მას შემდეგ, რაც საქართველოში ჩამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო მსოფლიო დემოკრატიის შუქურად გამოაცხადა და საქართველომ მყარად აიღო კურსი ევროპასთან და საერთოდ დასავლეთთან ინტეგრაციაზე * იმ ფონზე, როცა საქართველომ მოკეტა ერგნეთის შავი ხვრელი, რითაც ქვეყანას გაუჩნდა ბიუჯეტი, ჩავატარეთ პოლიციის რეფორმა, ამოვძირკვეთ კორუფცია, შემოვიტანეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, საჯარო სამსახურებს ჩამოვაშორეთ რუსული აგენტურა და დავაკავეთ რუსი აგენტები. -იმ პირობებში, როცა უკრაინის ნარინჯისფერი რევოლუცია შთაგონებული იყო ვარდების რევოლუციით და ჩვენც აქტიურ მონაწილეობას ვიღებდით კიევის მაიდანში და საერთოდ ქართულმა რეფორმებმა ძალიან დიდი გამოძახილი პოვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ვინაიდან დაანახა მათ რუსეთისგან სრულიად განსხვავებული მოდელი. ზოგადად უპრეცედენტოდ განმტკიცდა ჩვენი საერთაშორისო ავტორიტეტი. მოსკოვი გადავიდა აქტიურ ქმედებაზე – მათ შემოიღეს ემბარგო, რათა ხალხის უკმაყოფილება გამოეწვიათ, – მათ აამოქმედეს შევარდნაძის დროს თბილისში ჩანერგილი რუსი ოლიგარქი არკადი პატარკაციშვილი, რომელსაც სურდა რუსეთიდან თავისი აქტივების გატანა და ამაში კრემლის დახმარება სჭირდებოდა. პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის რანგში ორჯერ ჩავიდა მინსკში, ვითომ ადგილობრივ ოლიმპიურ კომიტეტთან შესახვედრად, სინამდვილეში კი რუსეთის FSB-ს წარმომადგენლებთან. ამ შეხვედრებს ადგილი ჰქონდა 2007 წლის მაისში და სექტემბერში. ეს მე და გივი თარგამაძეს მინსკში მოგვიყვა 2010 წელს ბელარუსის ლუკაშენკომ. * პატარკაციშვილის „იმედმა“ აქტიურად დაიწყო რუსეთის მიერ შემოღებული ემბარგოს და რუსეთიდან ჩვენი მოქალაქეების გამოყრის ჩემს ხელისუფლებაზე გადმობრალება. მუდმივად კეთდებოდა სიუჟეტები „სააკაშვილის გამო ქართველი კაცი ვენახს კაფავს“ და მსგავს თემებზე. 2007 წლის ოქტომბერში ამერიკის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) გადმოგვცა წერილი, რომელშიც ეწერა, რომ ერევანში ჩამოსული იყო რამდენიმე ქართველი კანონიერი ქურდი, თბილისელი უსოიანის მეთაურობით და მათი მიზანი იყო თბილისში არეულობების ორგანიზება და დიპლომატიური საფარის ქვეშ მოქმედმა რუსმა აგენტებმა დაიწყეს ოპოზიციასთან ინტენსიური კონტაქტი. თბილისში დაანონსდა მასობრივი აქციები, რომლებიც დროში დაამთხვიეს ნატოს მიერ მოწყობილ კონფერენციას, რომელზეც ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი და წევრი ქვეყნების ბევრი მაღალი დონის თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი და ამ კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ნატოში სწრაფი ინტეგრაციის დაწყება. აქციები იყო მრავალრიცხოვანი. გამოვიდა ათეულობით ათასი ყოფილი მებაჟე, საგადასახადოს თანამშრომელი, პოლიციელი, საჯერო მოხელე, რომლებიც ჩვენ მანამდე დავითხოვეთ, გამოვიდნენ კორუმპირებული ლექტორები, რომელთაც ჩვენ კორუფციის წყაროები გადავუკეტეთ, გამოვიდა უბრალოდ უკმაყოფილო ხალხი. მათი ლოზუნგები იყო საერთო, მაგალითად „დაგვიბრუნეთ ღირსება“ და არ იყო რაღაც ერთი კონკრეტული მოთხოვნა. ნათელი იყო რომ მიტინგები, მიტინგების გულისთვის იმართებოდა. თავიდანვე პატარკაციშვილი მივიდა აქციაზე და დაფიქსირდა როგორც მთავარი ლიდერი. თავიდან მიტინგებს ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი, მაგრამ რამდენიმე დღეში როცა მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ადგილი ჰქონდა პროვოკაციას, რომელსაც სამწუხაროდ წამოეგო ჯერ კიდევ გამოუცდელი ახლად შექმნილი პოლიცია. მოხდა შეტაკება დემონსტრანტებთან. პოლიცია არც სათანადოდ იყო აღჭურვილი, არც მომზადებული ასეთი მასშტაბისთვის. საბედნიეროდ არავინ დაღუპულა, თუმცა დაშავდნენ, როგორც დემონსტრანტები, ასევე პოლიციელები. ღიად გაისმა მოწოდება „სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის“ დამხობის, რაც გააჟღერა პატარკაციშვილმა. სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“. ჩვენ შევედით დიდ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი ისევ მე ვიპოვე, გამოვაცხადე რა ჩემი გადადგომა. საპრეზიდენტო ვადა ცალმხრივად შევიმცირე და დავნიშნე ახალი საპრეზიდენტო არჩევნები. „იმედი“ ისევ გაიხსნა და გააგრძელა ჩვენი ულმობელი კრიტიკა. ამასობაში პატარკაციშვილი ლონდონში შეხვდა პოლიციის გენერალ ერეკლე კოდუას და შესთავაზა მას შეიარაღებული გადატრიალების მოწყობა და შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მკვლელობა (ეს ყველაფერი კოდუამ ჩაიწერა და გაასაჯაროვა). ყველაფერი დამთავრდა ჩემს მიერ არჩევნებში 52%-ის აღებით და ძლივს, მაგრამ გამარჯვებით. 2007 წლის ნოემბერი სხვა არაფერი იყო თუ არა რუსების მიერ 2003 წლის რევოლუციაზე მათი სიტყვებით რომ ვთქვათ „აბაროტის აღება“. მცდელობა საქართველოს განვითარების შეჩერების, ქვეყნის დისკრედიტაციის და წარმატების ისტორიის მოკვლის. სწორედ ამაზე „მასამართლებენ“ მე ახლაც, 19 წლის შემდეგ და ყველა ე.წ. პროცესზე ნათლად ჩნდება, რომ მაშინ არცერთი კანონი არ დარღვეულა და მთლიანობაში ჩვენ სწორედ ვმოქმედებდით და მაშინ შევძელით საქართველოს გადარჩენა. ასევე ქვეყანა გადავარჩინეთ 2008-ში და ვეღარ გადავარჩინეთ 2012-ში,” – წერს მიხეილ სააკაშვილი.