პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგთან ერთად, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო ჩინეთთან ურთიერთობების განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობა მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კონკრეტულ მონაცემებშიც აისახება – სწრაფად იზრდება როგორც ვაჭრობა, ისე ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების მოცულობა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც შექმნის ყველა პირობას ქვეყანაში ჩინური ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის და მაქსიმუმს გააკეთებს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
მთავრობის მეთაურმა ასევე ყურადღება გაამახვილა მჭიდრო პოლიტიკურ პარტნიორობაზე. მისი განცხადებით, რამდენიმე წლის წინ ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას, ხოლო სულ ცოტა ხნის წინ – ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. მისივე შეფასებით, მიღწეული შედეგები ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ხალხებს შორის მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მისი თქმით, ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.