პოლიტიკა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო lll ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო lll ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

სამძიმრის წერილს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს.

“კიდევ ერთი ძვირფასი შემოქმედი გამოაკლდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას. დიდი გულისტკივილით ვემშვიდობებით ყველასათვის საყვარელ კომპოზიტორსა და მუსიკოსს, შესანიშნავ პიროვნებას, ქალბატონ ნუნუ დუღაშვილს.

სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, დაუშრეტელი ენერგიითა და ნიჭით, სიცოცხლის ხალისით გამორჩეულმა ქალბატონმა მელოდიად აქცია საქართველოს განუმეორებელი სილამაზე და ქართველი ადამიანის ბუნება. მის შემოქმედებაში თითქოს თავად ქართული სული ამღერდა – მთელი თავისი სიფაქიზითა და სინაზით, სილაღითა და დახვეწილი ესთეტიკით, ამავდროულად კი, განსაკუთრებული ომახიანობით, შეუდრეკელი და მტკიცე ხასიათით.

გვჯერა, მის სიმღერებს თაობები მუდამ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ააჟღერებენ…

აღვავლენთ ლოცვებს ქალბატონი ნუნუს უკვდავი სულისთვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს იგი, ხოლო მისი ოჯახის წევრები, ახლობლები და გულშემატკივარნი აკურთხოს მშვიდობით”, – აღნიშნავს პატრიარქი.