საზოგადოება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთის ბაზარზე აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ სახელწოდებით „Emotions are Georgia“ გამართა, რომელსაც 50 ყაზახი ტუროპერატორი დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში ასევე ჩატარდა პრეზენტაცია საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ, პარალელურად კი B2B შეხვედრები გაიმართა ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ყაზახეთში გამართული როუდშოუს პარალელურად, ყაზახი ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურები საქართველოშიც მოაწყო. ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა მედიატურები ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის.