ნიკოლოზ სამხარაძე: „საქართველო და ჩინეთიც უძველესი ცივილიზაციებიდან მომდინარე ერები არიან, ამიტომ ჩვენ კულტურულადაც და ჩვენს ტრადიციებშიც ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით, კულტურული გაცვლაც საქართველოსა და ჩინეთს შორის გააქტიურდება“
„საქართველო და ჩინეთიც უძველესი ცივილიზაციებიდან მომდინარე ერები არიან, ამიტომ ჩვენ კულტურულადაც და ჩვენს ტრადიციებშიც ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებით, კულტურული გაცვლაც საქართველოსა და ჩინეთს შორის გააქტიურდება, გახდება ბევრად უფრო დინამიური, ორივე ქვეყნის მოსახლეობა გაცილებით მეტს გაიგებს ერთმანეთის კულტურაზე“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში.
ნიკოლოზ სამხარაძემ ინტერვიუში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.
„გარდამტეხი წელია ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში. როგორც თქვენ მართებულად აღნიშნეთ, წელს, ივნისში, ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა და ამ დონის ამაღლებამ უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი ხალხებისთვის, როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში.
მაგალითად, ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ბოლო ორ წელიწადში ოთხჯერ გაიზარდა. ახლა ჩვენ ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი ფრენა გვაქვს, ვიდრე ოდესმე.
ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში ვიზის გარეშე ჩამოსვლა, საქართველოს მოქალაქეებს კი შეუძლიათ ჩინეთში უვიზოდ ჩასვლა. ეს აშკარად ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკონტაქტებსაც.
ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება და წელს, პირველი ცხრა თვის განმავლობაში, ჩვენ უკვე გადავლახეთ ორმილიარდიანი ზღვარი, ხოლო წლის ბოლოსთვის ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა სამ მილიარდ დოლარს მიუახლოვდება. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტირების სფეროში, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო, ძალიან არიან დაინტერესებულნი „შუა დერეფნით“, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს.
დღესდღეობით ეს არის ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე. ახლო აღმოსავლეთსა და ასევე უკრაინაში არსებული კონფლიქტებისა და საომარი ვითარების გათვალისწინებით, დღეს ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით გამავალი მარშრუტი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ვარიანტია ჩინეთის ევროპასთან დასაკავშირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. მაგრამ ამის მიღმა, მე აღვნიშნე ხალხთა შორის კონტაქტები და აქ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროში იზრდება. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, ვისაც ჩინური ენის შესწავლა სურს, და ასევე ბევრი ჩინელი სტუდენტია, ვისაც ქართულის სწავლა უნდა. ამიტომ ჩვენ უკვე დავიწყეთ ჩვენი საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გააქტიურება. და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, კულტურული გაცვლა“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.


