პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის შესახებ: „ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ, თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

„საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს.

ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა აწყობილი იყო იმაზე, რომ მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე. შედავებოდნენ. გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ. ეს არ არის სასამართლო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. მათ „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ, შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ, სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ასე რომ, ეს სასამართლო არ ეხება „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლო ეხება მათ. ტყუილად ხარჯავენ დროსა და ენერგიას „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკში. ილაპარაკონ იმ ბრალდებაზე, რომლებიც მათ აქვთ წაყენებული. იმართლონ თავი.

საქმე ის არის, რომ სამართლებელი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, როცა პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ?! როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა?! რითი უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან! ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ, თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს – „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.