„სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელსაც ბიუჯეტი აფინანსებს. თქვენი მმართველობის დროს ხომ ვერ შემახსენებდით, ვის ჰქონდა სახელმწიფო დაზღვევა და საქართველოს მოსახლეობის რამდენი პროცენტი სარგებლობდა ჯანდაცვით?” – ასე მიმართა ოპოზიციას „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას.
„თუ თქვენ რეალურად ფიქრობთ მოსახლეობის კეთილდღეობაზე, უნდა იცოდეთ, რომ მოსახლეობას სჭირდება გამართული წყალმომარაგების სისტემა, გამართული გზები, სოციალური მომსახურება, სასკოლო და უმაღლესი დაწესებულებები და ა. შ. და თქვენი ეს ყალბი პათოსი, ვითომ წუხხართ ხალხის უმუშევრობაზე, იქითკენ არის მიმართული, რომ ხალხს თავი აგრძნობინოთ დაჩაგრულად, დეპრესიულად, და ეს იმის გამო, რომ თურმე, საქართველოს ხელისუფლება თანაბრად არ ანაწილებს რესურსებს. უკაცრავად, ბატონებო – მივმართავ ოპოზიციას – ეს ასე არ არის. ეკონომიკა და ბიუჯეტის დაგეგმვა ხმარდება იმას, რომ თანაბრად მოხმარდეს პრიორიტეტებს – ქვეყნის განვითარებასა და სოციალურ საჭიროებებს.
და თუ მართლა გაინტერესებთ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობა, მოდით, იმაზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ გავაუმჯობესოთ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის სერვისები და როგორ გავხადოთ უფრო ხარისხიანი ეს პროგრამა.
თუ რეალურად გაინტერესებთ საქართველოს მოსახლეობა, მაშინ დაფინანსება განათლებაზე, კვლევებზე, მეცნიერებაზე უნდა გავზარდოთ.
მოდით, იმაზე ვისაუბროთ, რომ მთელი ფული ხელფასებსა და პენსიებზე კი არ უნდა მივმართოთ, არამედ იმაზე, თუ როგორ უნდა გავზარდოთ განათლების ხარისხი, რომ ხვალ უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები გვქონდეს და უფრო მაღალი შემოსავლები ჰქონდეს ქვეყანას. მოდით, იმაზე ვიმსჯელოთ, როგორ გაზარდოს ქვეყანამ საექსპორტო პოტენციალი, რომ უფრო მეტი შემოსავალი შემოვიდეს ქართულ ეკონომიკაში.
ბატონ პრემიერ-მინისტრს რამდენჯერმე დაუსვეს ერთი და იგივე შეკითხვა სიღარიბესა და უმუშევრობაზე, მანაც რამდენჯერმე ახსნა ერთი და იგივე ტექსტით, რომ დიახ, ვებრძვით სიღარიბეს, ვებრძვით უმუშევრობას და დადებითი სტატისტიკა და დინამიკა სწორედ იმას მოწმობს, რომ ჩვენ მიერ შემუშავებული პოლიტიკა არის სწორი და მივდივართ სწორი გზით. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ განახევრებულია სიღარიბის მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა და საგრძნობლად შემცირებულია უმუშევრობა,“ – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.


