ირაკლი შატაკიშვილი: „ევრობიუროკრატები და რადიკალური, ე.წ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს საქართველოს იზოლაციაში მოქცევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო პერიოდის ვიზიტები საპირისპიროზე მეტყველებს. საბოლოოდ ყველა ქვეყანა საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან ამოდის, ამიტომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობითა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის ფუნქციით, საქართველოსთან პარტნიორობა მათთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს“
„ევრობიუროკრატები და რადიკალური, ე.წ. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცდილობდნენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, თითქოს საქართველოს იზოლაციაში მოქცევას ჰქონდა ადგილი, თუმცა ბოლო პერიოდის ვიზიტები საპირისპიროზე მეტყველებს. საბოლოოდ ყველა ქვეყანა საკუთარი პრაგმატული ინტერესებიდან ამოდის, ამიტომ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობითა და შუა დერეფნის დაკავშირებადობის ფუნქციით, საქართველოსთან პარტნიორობა მათთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი შატაკიშვილმა დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ბოლო პერიოდის ვიზიტების შეფასებისას განაცხადა.
„ჩვენ ვნახეთ არაერთი ვიზიტი – მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმებსა და ფორუმებზე საქართველოს მაღალი თუ საშუალო რანგის პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეები იყვნენ წარმოდგენილნი. ამის ნათელი დადასტურება ასევე არის ბატონი შალვა პაპუაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ჩეხეთში. საბოლოო ჯამში, საინტერესო ისაა, რომ რომელი გაერთიანების წევრიც არ უნდა იყო, საბოლოოდ მაინც ყველა ქვეყანა ამოდის თავისი პრაგმატული მიზნებიდან და პრაგმატული ინტერესებიდან.
რაც შეეხება კონკრეტულად ჩეხეთის შემთხვევას, არ შეიძლებოდა სხვანაირად მომხდარიყო: ჩეხეთს ნედლი ნავთობის 40% მიაქვს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით, სულ ახლახან გააფორმა ხელშეკრულება ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, რომელმაც ისევ შუა დერეფანზე უნდა გაიაროს, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საქართველოს ტერიტორიაა. ამიტომ გარკვეულმა ქვეყნებმა შეიძლება ევრობიუროკრატებისგან მიიღეს დავალება, რომ საქართველოს პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ხელმძღვანელებსა თუ წარმომადგენლებს არ შეხვედროდნენ, მაგრამ ყველა ქვეყანა საბოლოო ჯამში გამოდის თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებიდან. ჩეხეთისთვის კი ეს იყო ერთ-ერთი ის პრაგმატული საფუძველი, რომ აღედგინა საქართველოსთან დიალოგი (მართალია, დიალოგი შეჩერებული არ ყოფილა) და გვესაუბრა სხვადასხვა საკითხზე.
ფაქტია, გააცნობიერეს, რომ გამჭვირვალობა არის გზა იმისა, რომ გარე ჩარევებისგან იყოს დაცული ამა თუ იმ ქვეყნის სუვერენიტეტი და საზოგადოება, და არ წარიმართოს იქ რადიკალური პროცესები, რაც ჩვენ არაერთ ქვეყანაში ვნახეთ. გააცნობიერეს და ფაქტია, რომ პრაგმატული თვალსაზრისით, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით, მათ შორის, ამ შუა დერეფინისა და დაკავშირებადობის როლითა და ფუნქციით, პრაგმატულად საქართველოსთან თანამშრომლობა და პარტნიორობა ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო გაიზარდება ჩვენი როლი და მნიშვნელობა.
მომავალში კიდევ დაგეგმილია ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან შეხვედრები და ამას საზოგადოება ნახავს. ჩვენ ყველგან გამოვიყენებთ დიალოგის შესაძლებლობას, რათა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და მივუტანოთ მათ ჩვენი ხალხის გზავნილი“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.


