გიორგი ქაჯაია: „ჩვენ გვაქვს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ და გვინდა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება – ოღონდ ღირსეულად, ჩვენს ტრადიციებზე უარის თქმის გარეშე. ჩვენ არავისთან არაფერი სახვეწარი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იდენტობითა და კულტურით ევროპელები ვართ“
„ჩვენ გვაქვს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ და გვინდა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება – ოღონდ ღირსეულად, ჩვენს ტრადიციებზე უარის თქმის გარეშე. ჩვენ არავისთან არაფერი სახვეწარი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იდენტობითა და კულტურით ევროპელები ვართ“, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გიორგი ქაჯაიამ ევრობიუროკრატიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს არის ორმაგი სტანდარტი – რაც ეპატიებათ სხვებს, იმას არ გვპატიობენ ჩვენ. ბოლო დროის მოვლენებს თუ გავიხსენებთ – თუნდაც რა ხდებოდა პარიზის ქუჩებში. როცა მსგავსი პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში და ჩვენი სამართალდამცველები თავიანთ მოვალეობას პირნათლად ასრულებდნენ, ეს თურმე ძალის გადამეტება და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა იყო, მაგრამ საფრანგეთში ყველაფერი სხვანაირად ყოფილა.
ისევ ორმაგ სტანდარტამდე მივდივართ, ვინაიდან ვსაუბრობთ იმ ევროპელ ბიუროკრატებზე, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ, მოხალისეები გაგვეგზავნა რუსეთ-უკრაინის ომში და მივერთებოდით სანქციებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ჩამოშლიდა. მოგვიწოდებდნენ, პირდაპირ ცეცხლში შევსულიყავით და ყველაფერი გაგვეთეთებინა იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გახსნილიყო. ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ ერთ-ერთი ძლიერი ქვეყნის ელჩის პირდაპირი მითითებაც: სამი დღე გაუძლებთ და შემდეგ სეპარატისტულ ქმედებებზე გადახვალთო.
ჩვენ გვაქვს სწრაფვა ევროინტეგრაციისკენ და გვინდა ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრება – ოღონდ ღირსეულად, ჩვენს ტრადიციებზე უარის თქმის გარეშე. დღეს ევროპა შინაგანადაა დაცლილი იმ ღირებულებებისგან, რისთვისაც ჩვენ ევროპა გვინდა. დღეს იგი აღარ განასახიერებს იმ ევროპას, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ ყველასთვის მისაბაძი იყო. ჩვენ არავისთან არაფერი სახვეწარი არ გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი იდენტობითა და კულტურით ევროპელები ვართ.
ევროპამ ფსონი კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ დადო – ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, თუ საიდან ფინანსდებოდა და რა მოწოდებები ისმოდა ევროკავშირის მაღალი ტრიბუნებიდან. თუნდაც იმ დროს, როცა გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ და ისინი ვეღარ ახორციელებდნენ ფინანსურ დახმარებას იმ მდიდარ ენჯეოებზე, რომლებსაც მათი დაკვეთები უნდა განეხორციელებინათ. შემდეგ გვახსოვს, რა ხერხებს მიმართეს საქართველოსთან მიმართებით, და ისიც გვახსოვს, 27 ქვეყნის ელჩმა როგორი დემარში მოუწყო ჩვენს ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით.
ასევე, დიდი ხანია, გვემუქრებიან ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, მაგრამ მე მგონია, რომ ვერ და არ გააუქმებენ. გამომდინარე იქიდან, რომ ერთი საკითხია, რას იტყვის ესა თუ ის ჩინოვნიკი, მაგრამ იქაც არიან ადამიანები, რომლებიც რაციონალურად აზროვნებენ და აფასებენ საქართველოს როლს დიდ ეკონომიკურ თამაშში. გვსურს თუ არ გვსურს, უნდა ვაღიაროთ – და ეს ძალიან კარგია – რომ ქართულ ხელისუფლებასაც მართებს დიდი გონიერება, რათა აი ეს როლი, რაც გვარგუნა ჩვენმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ – ვგულისხმობ შუა დერეფნის როლს – მიგვიყვანს იქამდე, რომ შეიძლება ნეიტრალიტეტზეც დაგვიწყონ საუბარი.
შესაბამისად, ევროპა დღეს ვერ დაუშვებს ჩვენთან პოლიტიკური კომუნიკაციის შეწყვეტას, იმიტომ, რომ უფრო მეტად ევროპას ვჭირდებით ჩვენ, ვიდრე ჩვენ გვჭირდება ეს კვაზილიბერალიზმის მომხრე ევროპა. ამიტომ ვფიქრობ, რომ აუცილებლად დასხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, რადგან მათ რუკაც გაასწორეს – გახსოვთ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რომ გაასწორა ის რუკა. მათ იცოდნენ საქართველოს როლი, უბრალოდ, ცდილობდნენ, საქართველოში მათი პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება ჰყოლოდათ, რაც არ გამოუვიდათ. შესაბამისად, აუცილებლად მოუწევთ ჩვენთან მიმართებით საკუთარი პოლიტიკის გადახედვა და დიალოგი“, – განაცხადა გიორგი ქაჯაიამ.


