პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ სააკაშვილი, თურმე, პარტიაში ერთი რიგითი წევრი იყო და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში. შესაძლებელია, ბეჟაშვილი და წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვას”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გაკეთებულ “ფეისბუკ- პოსტს” გამოეხმაურა. სააკაშვილის თქმით, პროცესს აკლია ზაზა ბიბილაშვილი, ხოლო წითლიძესა და ბეჟაშვილს მიმართავს, რომ თუ არ შეუძლიათ თავის უფრო ჭკვიანური არგუმენტებით დაცვა, გაეშვან დიქტატურის თამაშში მონაწილეობას, ნუ შედიან ყალბ იურიდიულ სქოლასტიკაში და სახლში წავიდნენ.

„ზაზა ბიბილაშვილის ნათქვამი მიხეილ სააკაშვილს მოეწონებოდა, – „ავაშენეთ ქვეყანა და დემოკრატიის შუქურა იყო ამ ქვეყანაშიო“.

შემდეგ კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ და ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებაში 2004–2012 წლებში საერთოდ არ ყოფილან და მიხეილ სააკაშვილი, თურმე, “ნაციონალური მოძრაობის” ერთი ჩვეულებრივი, რიგითი წევრი იყო და არავითარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და უფლებაც კი არ ჰქონია. ამ ყველაფერს რომ მოისმენდა დიქტატორი სააკაშვილი, რა თქმა უნდა, ადგილს ვერ იპოვიდა თავის საკანში და შესაბამისი პოსტიც კი დაწერა.

ახლა შესაძლებელია, რომ, საერთოდ, ბატონი ბეჟაშვილი და ქალბატონი წითლიძე პარტიულ ოფისშიც კი აღარ შეუშვან “ნაციონალურმა მოძრაობამ” და მისმა ბელადმა მიხეილ სააკაშვილმა“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.