გოგა ხაინდრავა: „სულ რომ მეტი არაფერი ჰქონდეს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის საქმეებიც ეყოფა გასაუქმებლად, მეტიც, ესენი მხოლოდ გასაუქმებლები კი არა, გასასამართლებელნიც არიან“
„სულ რომ მეტი არაფერი ჰქონდეს ჩადენილი „ნაციონალურ მოძრაობას“, როინ შავაძისა და სერგო თეთრაძის საქმეებიც ეყოფა გასაუქმებლად, მეტიც, ესენი მხოლოდ გასაუქმებლები კი არა, გასასამართლებელნიც არიან“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.
„აბსურდს გადააბიჯეს უკვე. ვუყურებ საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესებს – თურმე არც მერაბიშვილი და არც ადეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ ყოფილან. იქამდე მივიდა საქმე, რომ, მგონი, სააკაშვილიც არ ყოფილა – ესენი მთავრობის წევრები იყვნენ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირი არ ჰქონდათო.
სადამდე უნდა დაკარგო ადამიანის სახე, რომ როინ შავაძეზე, ამ გმირ ქართველ კაცზე, რომელიც ჯერ აწამეს და მერე დახვრიტეს, თქვა, რომ ეგ იყო მოღალატე?! პენტაგონის სპეციალური ჯილდოთი იყო დაჯილდოებული, ავღანეთში ოპერაციაში მონაწილეობდა და მოკლეს, თან როგორ სადისტურად მოკლეს… თეთრაძეს რა უქნეს? წარმოიდგინეთ, წამებით ამოხადეს სული ამ სამ ომში ნაომარ კაცს. მეტი რომ არაფერი ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი, ეს ორი საქმეც ეყოფა – არათუ გასაუქმებლები არიან, არამედ ესენი ყველანი გასასამართლებელნი არიან.
ორი რამე, რაც სამუდამოდ, კაენის ნიშანივით დარჩებათ მთელ ამ „ნაციონალებს“ და მაგათ ამომრჩევლებსაც ზემოდან: პირველი – იმ მეგრელი კაცის კივილი მიწურში და მეორე – ახალგაზრდა ბიჭებს რომ აბამდნენ გვამებზე 24 საათის განმავლობაში. და ეს არც ერთი შემთხვევა იყო, არც ორი – ეს იყო მასობრივი მოვლენა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


