თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციას: “ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები თუ ოდესმე ხელისუფლებაში მობრუნდებიან, გაიმეორებენ წარსულში ჩადენილს, გაათმაგებულად გაიმეორებენ და ამას არც მალავენ”
„პრინციპში, მოულოდნელი ჩვენთვის არაფერია, იმიტომ, რომ ვიცით მათი პოზიცია. თავიდანვე გაამჟღავნეს, რა არგუმენტები გააჩნიათ. აზუსტებენ თავიანთ პოზიციებს.
„ნაციონალური მოძრაობა“ თავის ამპლუაშია – იმდენი მტკიცებულება მოგვცეს ამ პასუხებით, ჩვენ თვითონ ამას ვერ მოვიპოვებდით ნამდვილად. ასე გააგრძელონ, ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ“, – განაცხადა განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დაწყებამდე.
„არანაირი არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური არგუმენტები არ გააჩნიათ და იმდენად აბსურდულ, იმდენად სიმართლესთან შეუთავსებელ პოზიციას გამოხატავენ, რომ ამას მოსახლეობაც ხედავს, ალბათ, ჩვენი ამომრჩეველიც ხედავს. და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მოსამართლეები ხედავენ.
მთავარი არის ერთი – ერთია, შენ რა გაქვს ჩადენილი წარსულში და მეორეა, შენ ამას იაზრებ თუ არ იაზრებ და, თეორიულად თუ მოგეცემა საშუალება, ამას გაიმეორებ თუ არ გაიმეორებ. ყველა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები, თუ ოდესმე, თეორიულად რომ დავუშვათ, ხელისუფლებაში შეიძლება მობრუნდნენ, გაიმეორებენ, რა თქმა უნდა და, გაათმაგებულად გაიმეორებენ, და ამას არც მალავენ. ამართლებენ ყველა თავიანთ არაკანონიერ, ანტიკონსტიტუციურ ნაბიჯს და ზოგჯერ ამაყობენ კიდეც, რაც, ალბათ, ჩვენი ამომრჩევლის გაკვირვებასაც იწვევს.
ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშტოება, თვითონ უარყოფენ, არ ვართო და, ამავე დროს, ადასტურებენ, რომ ისინი თანამონაწილე იყვნენ ყველა იმ პროცესისა, რომელიც იმ პერიოდში მიმდინარეობდა და არათუ თანამონაწილეები იყვნენ, ამაყობდნენ კიდეც ამით. ასევე, როდესაც განმარტებებს იძლევიან, როგორ წარმოუდგენიათ მათ პოლიტიკური მოვლენების განვითარება საქართველოში, ისინი ამბობენ, რომ ეს რევოლუციური პროცესები, რაც იყო, არაკანონიერი “მოლოტოვის კოქტეილის” სროლა და სხვა, არის ძალიან ნორმალური დემოკრატიული მოვლენა. ისევ მივდივართ იმ მომენტამდე, რომ შენ იაზრებ, აქამდე რაც მოხდა და ამის გაკეთებას აღარ აპირებ, თუ შენ „ნორმალურად“ მიგაჩნია და ამას კიდევ გაიმეორებ, თუკი ამის საშუალება მოგეცემა? ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ესენი ამას გაიმეორებენ. ისინი საფრთხეს წარმოადგენენ ქართული პოლიტიკური სივრცისათვის და საქართველოს მომავლისათვის”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.


