ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი: „მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება“

„სწორედ ბიზნესი ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, იზიდავს ინვესტიციას, აფართოებს წარმოებას და ქმნის უფრო მეტ შესაძლებლობას ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბიზნესთან შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად დაესწრო.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში კერძო სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს.

„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ეკონომიკური პოლიტიკის წარმატების ერთ-ერთი მთავარი საზომია ის, თუ რამდენად ხელსაყრელ გარემოს ვქმნით ქვეყანაში ბიზნესის განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა უკვე საკმაოდ ამომწურავად ისაუბრა იმ მიღწევების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს – განსაკუთრებით, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით.

2021-2025 წლებში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალოდ, ყოველწლიურად 9,5%-ით იზრდებოდა. ეს დინამიკა შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც – ეკონომიკურმა ზრდამ 7,4% შეადგინა, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შექმნილი გვაქვს ძალიან საფუძვლიანი, თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა, სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და კერძო სექტორის ზრდი აქტივობა.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ის მნიშვნელოვანი წინსვლა, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გვაქვს.

მიუხედავად რთული გეოპოლიტიკური რეალობისა, ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორმა შეძლო მდგრადი და სტაბილური განვითარება და, მათ შორის, მიმდინარე წელს რეკორდული მაჩვენებლების მიღწევა განსაკუთრებით საამაყოა რეკორდული მაჩვენებლები ექსპორტის სექტორში – საქონლის ექსპორტი მიმდინარე წელს უკვე 18%-ით გაიზარდა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის ზრდამ 60%-ს გადააჭარბა“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.