არჩილ გორდულაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადების შესახებ: „როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი ამბობს, რომ, თურმე, ნარკოტიკების რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. საინტერესოა, „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე“
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადება შეაფასა, რომელშიც მან ნარკოტიკების გამსაღებლებზე, ე.წ. ბარიგებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი ციხეში არ უნდა ისხდნენ.
„ზურაბ ჯაფარიძე გვარამიას პარტიის ერთ-ერთი წევრი იყო და არის, თუ სწორად მახსოვს, 2022 წელსაც საარჩევნო სიაშიც იყო წარმოდგენილი და საინტერესოა, „ახალი“ რას ფიქრობს ამ ყოვლად უგუნურ განცხადებაზე, რაც იკადრა ზურაბ ჯაფარიძემ. როდესაც ვამბობთ, რომ ამ ოპოზიციის, ეგრეთ წოდებული პარტიების მხარეს არ არის არავითარი ლოგიკა და მათ არ აქვთ სურვილი, საზოგადოებისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგან, ეს, მათ შორის, ზურა ჯაფარიძის განცხადებითაც წარმოჩინდება.
მაშინ, როდესაც ჩვენ გამოცხადებული გვაქვს შეურიგებელი ბრძოლა ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ, ეს ვაჟბატონი გამოდის და ამბობს, რომ, თურმე, ნარკოტიკების გამსაღებლები და რეალიზატორები არ უნდა იყვნენ დასჯილები. თავისივე ნაბიჯებით საზოგადოებას აჩვენებენ, თუ რანი არიან, რა სურვილები და რა მოლოდინები აქვთ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ“, – განაცხადა გორდულაძემ.


