მაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული“
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობის საკითხზე მიმდინარე პროცესსა და საქართველოს კანდიდატურასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ეუთო-ს თავმჯდომარეობის საკითხი აქტიურ ფაზაში შედის. ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი. მომავალ წელს ეუთო-ს არ ჰყავს თავმჯდომარე, შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. კვიპროსთან დაკავშირებით გასულ წელს ვერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება თურქეთის პოზიციის გამო და ეს ყველამ კარგად იცის, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტული ქვეყნები, ევროპის სახელმწიფოები ცდილობენ კვლავ გამოიყენონ ეს საკითხი იმისათვის, რომ საქართველოს წინააღმდეგ დააფიქსირონ პოზიცია,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო აგრძელებს მუშაობას ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით კონსენსუსის მისაღწევად.
„თუმცა კონკრეტული პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეუთო-ს მომავალი წლის თავმჯდომარეობაზე კონსენსუსი იყოს მიღწეული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებიან ისეთი სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსის მისაღწევად, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი, მეზობელი ქვეყნები და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის სახელმწიფოთა დიდი ნაწილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ერთიანი პოზიცია არც წინააღმდეგობასთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კარგი შესაძლებლობა, რომ გავაგრძელოთ მუშაობა იმისათვის, რომ ეუთო-ს ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გამოწვევები, ჰყავდეს თავმჯდომარე ქვეყანა მომავალ წელს და ეს თავმჯდომარე ქვეყანა, თუკი იქნება საქართველო, თავისი წვლილი შეიტანოს ამ ორგანიზაციის მუშაობაში,“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


